სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მაშველის ოჯახი ერთჯერადად 100 ათას ლარს, ყოველთვიურად კი 1000-ლარიან შემწეობას მიიღებს

სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველისა და მაშველის ოჯახი ერთჯერადად 100 ათას ლარიან დახმარებას მიიღებს, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად 1000-ლარიან შემწეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გასულ წელს დაღუპული მაშველი ზურაბ მუზაშვილი გაიხსენა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე 8 ადამიანის გადარჩენას შესწირა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სიმბოლურია, რომ 13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, საქართველოს მთავრობა მეხანძრე-მაშველებისა და მაშველებისთვის სამართლებრივი და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გაუმჯობესების ინიციატივას განიხილავს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით მომზადდა.
“შარშან ამ დღეს დაიღუპა მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 8 ადამიანი გადაარჩინა დაღუპვას და საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ ადამიანების გადარჩენას. სიმბოლურია, რომ დღეს, ტრაგედიიდან ერთი წლის თავაზე ჩვენ ვიხილავთ მეხანძრე-მაშველებისა და მაშველებისთვის სამართლებრივი და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტს გაუმჯობესების კუთხით, სადაც მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპვის შემთხვევაში, ზუსტად ისე, როგორც პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა 100 ათასი ლარი, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად 1000 ლარიანი შემწეობა დაღუპულის ოჯახისათვის. ჩვენ უნდა ვუსურვოთ ყველა მათგანს მშვიდობიანი მოღვაწეობა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ამ დონეზე აყვანა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განახცადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები