პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა და დიდ სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ღვთისმეტყველების ცენტრს 25 მაისის წმინდა სინოდის სხდომის განჩინებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.
„კვირა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ცენტრის პოზიცია ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების პრიმატთა გადაწყვეტილებით 2016 წლის ივლისში დაგეგმილი წმინდა და დიდი კრების, დოკუმენტებისა და რეგლამენტის  შესახებ შემდეგია:

1) მივესალმებით წმინდა და დიდი კრების მოწვევას, რამდენადაც კრებსითობა ეკლესიური ცხოვრების ფუნდამენტური ასპექტია და მისი სიცოცხლის უნარიანობის დემონსტრაცია, განცხადება „ერთობისა უთანხმოებითა და განყოფით შელახული სამყაროს წინაშე“ (მსოფლიო პატრიარქი ბართლომე). ჩვენთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მთელს მსოფლიოში, მორწმუნეთა ნაწილი შიშითა და უნდობლობით შეჰყურებს კრებას „ვინაიდან ღმერთმა გვიბოძა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების“(1ტიმ. 1:7). აღარაფერს ვიტყვით მავანთა მხრიდან მართლმადიდებელი ეკლესიის ბუნების გაუკუღმართებულ ხედვაზე, რომელნიც კრებას A priori მიიჩნევენ Concilium Latrocinium-ად.

2) გვსურს გამოვთქვათ რამდენიმე შენიშვნა 2016 წლის 25 მაისის წმინდა სინოდის სხდომის განჩინებასთან დაკავშირებით (http://patriarchate.ge/geo/wminda-sinodis-sxdomis-oqmi-25/)

ა) „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები”-ს დოკუმენტთან დაკავშირებით ვკითხულობთ (მე-10–11 აბზაცი, შერეული, ანუ მართლმადიდებელი ქრისტიანის არამართლმადიდებელთან ქორწინების თაობაზე):

” ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზების” მე-2 ნაწილის მე-5 მუხლის „ა” პუნქტში ვკითხულობთ: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება (ტრულის კრების 72-ე კანონი), თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში”.

აღნიშნულ მუხლში უნდა დარჩეს ტექსტის პირველი ნაწილი, სადაც წერია: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება (ტრულის კრების 72-ე კანონი)”, ხოლო მეორე ნაწილი, სადაც ვკითხულობთ, რომ „თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში”, – უნდა იქნას ამოღებული, რადგან იგი უპირისპირდება VI მსოფლიო კრების 72-ე კანონს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არც ერთ კრებას არ შეუძლია დაუპირისპირდეს, გააუქმოს, ან შეცვალოს მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დადგენილი ნებისმიერი კანონი.”

ბოლო წინადადება (”საყოველთაოდ ცნობილია, რომ არც ერთ კრებას არ შეუძლია დაუპირისპირდეს, გააუქმოს, ან შეცვალოს მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დადგენილი ნებისმიერი კანონი”) გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის ეკლესიის გამოცდილებასთან, კერძოდ:
სავსებით მართებულია, რომ საეკლესიო კანონები დოგმატურ საკითხებზე გადახედვას არ ექვემდებარება. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით არადოგმატურ საკითხებზე. ასე მაგალითად ეკლესიის ისტორიისათვის ცნობილია შემდეგი საინტერესო ფაქტები:

1) VI მსოფლიო საეკლესიო კრების 95-ე დადგენილებით არამართლმადიდებლის მართლმადიდებელ ეკლესიაში შემოერთება ხორციელდებოდა ქვემოთ ჩამოთვლილი სამი საფეხურიდან ერთ-ერთით:

I. თავისი ერესის დაგმობით;

II. თავისი ერესის დაგმობით და მირონცხებით;

III. ნათლობით;

მონოფიზიტების მიღება ხდებოდა I საფეხურით –  არა გადანათვლით, არამედ მხოლოდ თავისი ერეტიკული სწავლების დაგმობით.
თუმცა რუის-ურბნისის კრების (XII საუკუნე) მე-15 დადგენილების მიხედვით – სომხები, ანუ მონოფიზიტები როგორც კანონში წერია, უნდა მიღებულ იქნან ნათლობით;

2) VI მსოფლიო კრებამ (48-ე კანონი) დაადგინა ეპისკოპატის ცელიბატობა, და ამით მოხდამოციქულთა მე-5 კანონის და თვით წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეს (I ტიმ. 3:2) რევიზია, რომლის მიხედვით ეპისკოპოსს შეეძლო ჰყოლოდა ერთი ცოლი.

ცხადია ამას ყველაფერს თავისი გააზრება გააჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ არადოგმატური კანონის გადახედვას ჩვენს ეკლესიის ისტორიაში ნამდვილად ჰქონდა ადგილი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია რომ შერეულ ქორწინებასთან დაკავშირებით უნდა იყოს გათვალისწინებული სხვა ადგილობრივი ეკლესიების პრაქტიკაც, სადაც ეს დასაშვებია.

ბ) ამასთან ერთად გაუგებარია დადგენილების სხვა ნაწილებიც, კერძოდ რატომაა ამოსაღები “სხვა სახის დისკრიმინაცია” (როგორც აღნიშნულია სინოდის დადგენილებაში) რადგან ნებისმიერი დისკრიმინაცია უცხოა ქრისტიანობისათვის, ასევე გაუგებარია, რატომ უნდა იქნეს ამოღებული ციტატა ” ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილი, სადაც წერია: „ქრისტეს მშვიდობა არის მწიფე ნაყოფი მასში ყოველთა შემოკრებისა: ადამიანის პიროვნების, როგორც ღვთის ხატების, ღირსებისა და სიდიადის გამოვლინება ადამიანთა მოდგმისა და სამყაროსი, საყოველთაობა მშვიდობის პრინციპებისა, თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობისა და ბოლოს ადამიანებსა და მსოფლიოს ხალხთა შორის ქრისტიანული სიყვარულის ნაყოფის მოწევნა”, სადაც არაფერი უცხო ქრისტიანული სულისათვის არ წერია.

ლოგიკურად ცხადია რომ, თუ რომელიმე დოკუმენტი, მიუხედავად მასში არსებული რაიმე სასარგებლო ჩანაწერისა, უმეტესწილად მიუღებელი იყო რომელიმე ეკლესიისათვის,  მასზე ხელის მოწერა არ შეიძლებოდა. შესაბამისად გაუგებარია ხელისმოწერის შემდეგ ხელმოწერილი დოკუმენტის ამავე დოკუმენტზე ხელმომწერთა მხრიდან ასეთი მწვავე კრიტიკა, რაც ბუნებრივია ბევრ კითხვას ბადებს.

რადგანაც მიმდინარე პერიოდში ვრცელდება დიდი და წმიდა კრების წინა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების (მათ შორის საქართველოს ეკლესიის) სინაქსისის მიერ მიღებულ რიგ დოკუმენტთა ხელაღებითი, მიკერძოებული კრიტიკა, ჩვენი ცენტრი უახლოეს პერიოდში ვრცელ წერილს შემოგთავაზებთ, სადაც დეტალურად წარმოვაჩენთ მთელი კრიტიკის ფსევდოთეოლოგიურობას და სიყალბეს, რომლიც მხოლოდდამხოლოდ დიდი და წმიდა კრების სახელის შებღალვას ემსახურება.

3) ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეკლესია ხვალ (10.06.16) დაგეგმილ სინოდის სხდომაზე აღარ შეცვლის თავის წინა გადაწყვეტილებას (25.05.16) და მიიღებს მონაწილეობას კრების მსვლელობაში და კრების დასასრულს სულიწმინდაში მიღწეული იქნება შეთანხმება ყველა სადაო საკითხზე და კრება დაიხურება სრული სიმშვიდისა და თანხმობის გარემოში, კრების მამებისა თუ ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან მისი ღირსების აღიარებითა და მოწმობით. სამწუხაროა, რომ კრებას არ გააჩნია საშუალება იყოს უფრო მეტად წარმომადგენლობითი, გაიზარდოს დამსწრე ეპისკოპოსთა და სწავლულ ღვთისმეტყველთა რაოდენობა.

4) მიგვაჩნია, რომ კრების მომზადებული დოკუმენტები თანხმობაშია მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო ტრადიციასთან, მიუხედავად იმისა, რომ არის შესაძლებელი ამ დოკუმენტთა ცალკეული პუნქტების გაუმჯობესება თუ უკეთ გამოთქმა, განვრცობა და განვითარება ეკლესიის პასტორალური და მისიონერული მიზნების სასარგებლოდ, მაგრამ მოცემული სახით დოკუმენტები არ ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას.

გულმხურვალედ ვლოცულობთ მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი წმინდა და დიდი კრების მამებისთვის, მონაწილე სწავლული ღვთისმეტყველებისა და სხვა პერსონალისთვის, და მთლიანად კრებისთვის, რათა ერთობის მთესველმა ღმერთმა მათ და ჩვენ, ყველას ერთად მოგვმადლოს ძალა წმინდა პავლე მოციქულის შეგონების აღსრულებისა: „მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელებით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში. ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“(ეფეს. 4:2-3)” – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები