ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ უნდა გავიგოთ და კარგად ვისწავლოთ ჩვენი უფლებები

ჩვენ უნდა გავიგოთ და კარგად ვისწავლოთ ჩვენი უფლებები და ასევე გავიაზროთ ჩვენი მოვალეობები. თუ ვერ მოვახერხებთ იმ მინიმალური მოვალეობის შესრულებას, რაც მოქალაქეს აკისრია, მივიღებთ ბევრ გაუგებრობას, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ 4 წლის წინ საოცარი გარდატეხა მოახდინა და ქვეყანა დემოკრატიის „რელსებზე“ გადავიდა. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე და ასევე სამოქალაქო საზოგადოების როლზე ქვეყნის განვითარებაში.
„ჩვენ უნდა გავიგოთ და კარგად ვისწავლოთ ჩვენი უფლებები და ასევე გავიაზროთ ჩვენი მოვალეობები. თუ ვერ მოვახერხებთ იმ მინიმალური მოვალეობის შესრულებას, რაც მოქალაქეს აკისრია, მივიღებთ ბევრ გაუგებრობას. ჩვენ საოცარი გარდატეხა მოვახდინეთ 4 წლის განმავლობაში, ის, რომ დიქტატურისკენ მიმავალი ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე გადავსვით, არ იყო მარტივი. ამას დაჟინებული შრომა სჭირდებოდა. ეს ხელიდან არ უნდა გავუშვათ, მით უმეტეს, დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც დაინერგა ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ და ახლოსაა ევროპულთან, სჭირდება გაღრმავება. ამ დროს ეკონომიკა ძალიან განსხვავდება ევროპული ეკონომიკისგან, ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქტით 6-ჯერ და უფრო მეტჯერ ჩამოვრჩებით განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს. ამ დროს ასეთი ტიპის დემოკრატია შეიცავს გარკვეულ ხიფათსაც, რომ შეჭირვებულმა მოსახლეობამ, რომელიც საკმაოდ გვყავს ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება სწორი ანალიზი ვერ გააკეთოს და ხელისუფლების ბრალეულობად ჩათვალოს ის, რაც ხდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, 25 წელი მოჯადოებულ წრეზე დავდივართ და ეს წრე 2012 წლის არჩევნებზე გაიხსნა. ივანიშვილის აზრით, საქართველოში ყველაფერი მორგებულია ადამიანის უფლებებზე, თუმცა პარალელურად ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი ძირეული უფლება, იშოვოს ღისეული სამუშაო ადგილი.
„ეს გაჭირვება არის. 3-4 წელიწადში ამას ვერ მოვერეოდით და ვერც მოვერიეთ, თუმცა ტენდენცია კარგია და აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ გამარჯვებას 10-15 წელიწადი დასჭირდება, თუ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და გამჭვირვალე ხელისუფლება. ამ ყოველივეს კი, ბიძინა ივანიშვილის აზრით, სწორი არჩევნები სჭირდება, რომელიც საზოგადოებამ უნდა ჩაატაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები