”მექრთამე ხარ, უსინდისო და ნაძირალა” – საკრებულოში ერთმანეთს ალეკო ელისაშვილი და დიმიტრი მოსულიშვილი დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

”მექრთამეც ხარ, უსინდისოც და ნაძირალა. შენ ხარ მტერი ქალაქის და საზოგადოების”, – ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი მოსულიშვილმა საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს.
სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საკრებულოში დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ მოხდა, სადაც დიმიტრი მოსულიშვილმა ალეკო ელისაშვილი ცილისწამებაში დაადანაშაულა. ალეკო ელისაშვილმა მოსულიშვილს მექრთამე და უღირსი უწოდა.
”საზოგადოების მტერი ხარ შენ. არაკაცი ხარ და არამზადა. შენ უნდა იჯდე ციხეში”, – მიმართა ელისაშვილმა მოსულიშვილს.
თავის მხრივ, მოსულიშვილმა ელისაშვილს პროვოკატორი უწოდა.
”მექრთამეც ხარ, უსინდისოც და ნაძირალა. შენ ხარ მტერი ქალაქის და საზოგადოების”, – მიმართა მოსულიშვილმა ელისაშვილს.
საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა, რადგან ადგილზე მყოფებმა სიტუაცია განმუხტეს. ინციდენტის შემდეგ კომენტარი გააკეთა ალეკო ელისაშვილმა.
”რეპუტაციის შელახვისთვის შეუძლია მიჩივლოს. ღმერთმა ხელი მოუმართოს. წავიდეს ლევან მურუსიძესთან, შეიტანოს სარჩელი”, – განაცხადა ელისაშვილმა.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივის.
როგორც მოსულიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება ელისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს მერიის არქიტექტურული სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიმართ. მოსულიშვილის თქმით, ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში დღეს ან ხვალ შეიტანს.
„ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ ეთერში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი პირები კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის მიღებაში დაადანაშაულა, რითიც შელახა მათი საქმიანი რეპუტაცია და საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს მსგავს უაპელაციო და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მერიის თანამშრომელთა დისკრედიტაციას ემსახურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ალექსანდრე ელისაშვილს, წარმოადგინოს სამსახურის სისტემაში კორუფციის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ან უარყოს ცრუ ბრალდება და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური სარჩელით სასამართლოს მიმართავს“, – განაცხადა მოსულიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები