„ტერაბანკი“ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს

„ტერაბანკი“ იურიდიული ფირმა „BLB“-ის მიერ „ტერაბანკის“ საწინააღმდეგოდ გამართულ პრესკონფერენციას ბანკზე ზეწოლად და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს. ბანკის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„იურიდიული ფირმა „BLB“-ის მიერ „ტერაბანკის“ საწინააღმდეგოდ გამართულ პრესკონფერენციას ვაფასებთ, როგორც ბანკზე ზეწოლისა და ჩვენი მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ეს კამპანია მიზნად ისახავს ბანკის იმიჯის დაზარალებას და პროცესის სამართლებრივი ჩარჩოებიდან გატანას.
დღეს გამოთქმული ბრალდებები ცილისწამებაა და არ შეესაბამება რეალობას. მათი ქმედება განპირობებულია იმით, რომ ბანკმა იურიდიულ ფირმას თანხის გადახდის უსაფუძვლო მოთხოვნაზე უარი უთხრა.
„ტერაბანკი“ მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სრულად იცავს ყველა თავისი მეანაბრის ინტერესს და წლების მანძილზე ინარჩუნებს კლიენტების ერთგულებასა და ნდობას.
რაც შეეხება საქმის არსებით მხარეს, მოვლენათა ქრონოლოგია ამგვარია:
ორი თვის წინ ბანკს განცხადებით კლიენტის ინტერესების დამცველმა იურიდიულმა ფირმამ მიმართა და მოითხოვა კლიენტისთვის გარკვეული თანხის გადახდა იმ საფუძვლით, რომ თითქოს ბანკმა მისი კლიენტის ანაბარი მიითვისა.
აღნიშნულის განცხადების მიღებისთანავე ბანკმა სამხარაულის ეროვნული ბიუროს მეშვეობით დაჩქარებული წესით ექსპერტიზა ჩაუტარა მეანაბრის მიერ ხელმოწერილ ყველა დოკუმენტს.
ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ კლიენტის ხელმოწერა განცხადებაზე, რომლითაც კლიენტმა განკარგულება მისცა ბანკს მისი კუთვნილი თანხით სხვადასხვა სასესხო ვალდებულებები დაფარულიყო, არის ნამდვილი. შექმნილ მოცემულობაში, როდესაც ექსპერტიზის შედეგების მიხედვით დადგენილი იყო კლიენტის ნამდვილი ნება თანხის საბოლოო განკარგვაზე, ბანკი მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას კლიენტისათვის რაიმე თანხა გადაეხადა.
ამავე დროს ექსპერტიზამ ეჭვქვეშ დააყენა ზოგიერთ შუალედურ დოკუმენტზე კლიენტის ხელმოწერის ნამდვილობა, რის გამოც ბანკმა 2016 წლის 17 მაისს გამოძიების დაწყების თხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა, რადგან, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებშია ანაბართან დაკავშირებული ყველა გარემოების გამოძიება და სწორი სამართლებრივი პროცესების წარმართვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ტერაბანკი“ აცხადებს, რომ იურიდიული ფირმა „BLB“-ის განცხადება იმის შესახებ, რომ ბანკმა მიითვისა მეანაბრის კუთვნილი თანხა სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები