განათლების სამინისტრომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი 2017-2023 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმის სიახლეებსა და პრიორიტეტებზე მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ ვრცლად ისაუბრეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც საბაზისო დოკუმენტი განსაზღვრავს, თუ რა, როდის, და როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. დოკუმენტი პერიოდულ განახლებას მოითხოვს, ვინაიდან მასში უნდა აისახოს, როგორც მოსწავლეებისა და პედაგოგების საჭიროებები, ისე საერთაშორისო პრაქტიკა, განათლების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციები.
განათლების რეფორმების დაწყებიდან დღემდე უკვე მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა შემუშავდა, მისი დანერგვა დაწყებითი საფეხურით (I-VI კლასები) დაიწყება და მოქმედების ვადა 2017 -2023 წლებით განისაზღვრება.
“ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას წინ უძღოდა მრავალმხრივი წინამოსამზადებელი სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით: ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგი დაწყებით საფეხურზე; სახელმძღვანელოების ხარვეზების შესწავლა; სკოლებიდან, სხვადასხვა ორგანიზაციიდან შემოსული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების ანალიზი; სკოლების საგნობრივ კათედრებთან შეხვედრების ანალიზი; საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა (7 განვითარებული ქვეყნის სასწავლო გეგმების შესწავლა და შედარება საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან); დეპარტამენტის ექსპერტებისა და პროცესში ჩართული მოქმედი პედაგოგების პედაგოგიური გამოცდილების გათვალისწინება; სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ანალიზი.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი პრინციპია მოსწავლეზე და სასწავლო შედეგზე ორიენტირებულობა. სწავლა-სწავლების პროცესის ცენტრში დგას კონკრეტული მოსწავლე თავისი ინდივიდუალური საჭიროებებით და მთელი სასწავლო სისტემა მასზეა ორიენტირებული.
გატარებული ცვლილებების მთავარი მიზანია იმგვარი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნის განხორციელების ხელშესაწყობად შემდეგი არსებითი ცვლილებები განხორციელდა:
განათლების მეცნიერებაში დაგროვებული ცოდნის გათვალისწინებით განისაზღვრა ის ძირეული პრინციპები, რომლებიც უკეთესად სწავლისა და სწავლების საშუალებას იძლევა. ამ პრინციპების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს და გამთლიანდეს ზოგადი განათლების სისტემა, ამ პრინციპების განხორციელებისაკენ უნდა წარიმართოს სისტემის თითოეული რგოლი, რათა რეალურად შესაძლებელი გახდეს საკლასო ოთახებში მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა.
ყოველწლიური სტანდარტების ნაცვლად შემუშავდა საფეხურებრივი სტანდარტები, რაც მასწავლებლებს მეტ საშუალებას მისცემს, ცალკეული მოსწავლის განვითარების ტემპს მოარგოს საგანმანათლებლო პროცესი, გაითვალისწინოს ცალკეული მათგანის ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლები, სწავლის სტილი, პირადი გამოცდილები და აკადემიური საჭიროებები.
ახალი თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში განისაზღვრა ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მისია და მიზნები, რომლებშიც დაწყებით საფეხურზე, სხვა უნარებთან ერთად, ხაზგასმულია საბაზისო უნარების – წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების – განვითარებაზე მუშაობა. საბაზო საფეხურზე ხაზგასმულია საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, ხოლო საშუალო საფეხურზე – საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით, სისტემური ცოდნის კონსტრუირება; მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება;
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პრეზენტაციას სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები, დირექტორები დაესწრნენ”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები