„ჯორჯიან ეარვეისმა“ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ავტორიზაცია წარმატებით გაიარა

არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO), ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისზე“ საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა გასცა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ,,ჯორჯიან ეარვეისს“ უფლება ენიჭება, ერთი ცენტრალიზებული ნებართვით იფრინოს EASA-ს წევრ 32 სახელმწიფოში (ევროკავშირის 28 და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) 4 ქვეყანაში: ისლანდია, შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია).
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 2016 წლიდან EASA-ს ავტორიზებული ნებართვა სავალდებულო ხდება ნებისმიერი მესამე ქვეყნის ოპერატორისთვის, რომელსაც სურვილი აქვს, იფრინოს ევოკავშირის ტერიტორიაზე (არა აქვს მნიშვნელობა, ადრე ოპერირებდა თუ არა EU-ს ტერიტორიაზე).
ნებართვა ადასტურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სრულ შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს სტანდარტებთან, ამასთანავე, მოწმობს ქვეყნის მიერ ფრენების უსაფრთხობის ნორმების დაცვას და ზედამხედველობას მაღალ ხარისხზე (სხვა ელემენტებთან ერთად ავტორიზაციის პროცესში ყურადღება ექცევა ICAO-ს აუდიტის დროს გამოვლენილ შედეგებს). ნებართვა ძალაშია, სანამ ოპერატორი აკმაყოფილებს არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორაზიციასთან დაკავშირებულ ევროპული რეგულაციის სტანდარტებს.
EASA-ს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის ქონა გააადვილებს „ჯორჯიან ეარვეისის“ ოპერირებას ევროპულ საავიაციო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ავიაკომპანიის შემდგომ განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები