„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველადი პროფესიული ორგანიზაციის წევრები გაფიცვით იმუქრებიან

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველადი პროფესიული ორგანიზაციის წევრებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც თანამშრომლების მოსალოდნელი გაფიცვა დააანონსეს. თუმცა, როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ისინი გაფიცვის უფლების გამოყენებას ჯერჯერობით არ აპირებენ, რადგან მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს.
„გავიდა 21 დღე, რომელიც ჩვენ მენეჯმენტს მივეცით და დღეიდან გვაქვს კანონიერი გაფიცვის უფლება. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფესიული ორგანიზაცია პატივს ვცემთ როგორც მედიაციის პროცესს, ასევე იმ მოლაპარაკებებს, რომლებიც ამჟამადაც მიმდინარეობს, გაფიცვის უფლებას ჯერჯერობით არ ვიყენებთ, ველოდებით იმ შედეგებს, რომელიც გვინდა, რომ გამოიღოს მოლაპარაკებებმა“, – განაცხადა პირველადი პროფესიული ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა ლაშა მესხმა.
მათივე ინფორმაციით, 10 ივნისს ჩანიშნულია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც განიხილება ყველა ძირითადი საკითხი.
„10 ივნისს ჩანიშნულია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც განიხილება ის საკითხები, რაზეც ჩვენ ვაცხადებთ, რომ ძირეულ დათმობებზე არ წავალთ, ესენია ფუნდამენტური და უმნიშვნელოვანესი საკითხები“, – განაცხადა ლაშა მესხმა.
მისივე ინფორმაციით, პირველადი პროფესიული ორგანიზაციის წევრებს არ სურთ, რომ ეს ორგანიზაცია იყოს დროებითი. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, ეს ორგანიზაცია იყოს გრძელვადიანი და დაიცვას ადამიანის უფლებები საზოგადოებრივ მაუწყებელში. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფესიული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი კახა ჯანაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებს მინდა მივმართო, გაიღვიძეთ, დროა, რომ გამოფხიზლდეთ და ერთად დავიწყოთ ბრძოლა „საზოგადოების მაუწყებლისთვის“ და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. დუმილი ეს არის დანაშაული“, – განაცხადა კახა ჯანაშვილმა.
მისივე განცხადებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ დაბალი რეიტინგი აქვს, რაც განპირობებულია იმით, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არაპროფესიონალი კადრები არიან დასაქმებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები