განათლების ახალი მინისტრი „აუდიტორია 115“-ის წევრებს ხვალ შეხვდება

განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის წევრებს ხვალ შეხვდება. ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მგონია, რომ არა მარტო ხვალ, არამედ ძალიან ხშირად ვიქნები სტუმრად სტუდენტებთან. ჩემი პირდაპირი მოვალეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ამ ხალხთან სულ ვიმუშავო და არა მარტო მაშინ, როდესაც კრიზისია ან სირთულე. მოსმენა აკლია ხოლმე ჩვენს რეალობაში მოლაპარაკებას და სტუმრობას. ამიტომ, ხვალ მთავარი გეგმა მაინც არის, მოვისმინო.
მე ვაპირებ განვაახლო ის შეთავაზება, რაც პრემიერმა გააჟღერა თავის დროზე, რომ შეიქმნას მუდმივმოქმედი პლატფორმა, სადაც ჩვენ შევძლებთ, ყველა მხარე ჩავრთოთ და ერთად გადავწყვიტოთ პრობლემები,“ – განაცხადა მინისტრმა.
როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, ის თვითმმართველობის წევრებთანაც აპირებს შეხვედრას. „აუდიტორია 115“-ის წევრები განათლების ახალი მინისტრის უნივერსიტეტში მისვლას დღეს, 18:00 საათზე ითხოვდნენ, თუმცა როგორც მინისტრმა განაცხადა, ტექნიკური მიზეზების გამო მათთან შეხვედრას დღეს ვერ შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები