პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამცხე-ჯავახეთს ეწვევა

სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი “ხიზაბავრის მესხური ტერასების” ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი იწყება.
ვაზის პირველ ნერგებს, ასპინძის რაიონში, მესხური ტერასების ტერიტორიაზე, დღეს, 13:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და „ვარძიის ტერასების” დირექტორი გიორგი ნათენაძე ჩაყრიან.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეაბილიტირებულ ტერასებზე 17 იშვიათი ჯიშის მესხური ვაზი დაირგვება, რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმართულების აღორძინებას შეუწყობს ხელს.
მესხური ტერასები მთლიანობაში 23 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდება, ხოლო ჯამური ინვესტიციის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა.
მესხური ტერასების აღდგენით სამცხე-ჯავახეთში მეღვინეობა-მევენახეობის უძველესი ტრადიცია გაცოცხლდება.
სოფელ ხიზაბავრში გაშენებული ტერასები სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს. მესხური ტერასების პროექტის წარდგენის შემდეგ, ვარძიის მიმდებარე უძველესი სოფლის, უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები