პრემიერ-მინისტრმა იტალიას ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიას ეროვნულ დღესასწაულს, რესპუბლიკის დღეს ულოცავს, – გიორგი კვირიკაშვილი დღეს, იტალიის საელჩოს მიერ, საზეიმო თარიღთან დაკავშირებით ორგანიზებულ „იტალიურ ფესტივალ 2016-ს” დაესწრო.

პრემიერმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იტალია, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო, საქართველოსთვის მისაბაძი მაგალითი და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„თითქმის 70 წლის წინ, ამ დღეს, იტალიელმა ხალხმა საარჩევნო ყუთებთან განსაზღვრა თავისი მთავრობის მომავალი, როდესაც ფაშიზმის მიმართ უარყოფითი პოზიცია გამოხატა და არჩევანი გააკეთა თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების სასარგებლოდ. სწორედ ამ ღირებულებების წყალობით იქცა იტალია ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელ და ლიდერ წევრ სახელმწიფოდ, რომელიც საქართველოსთვის მისაბაძი მაგალითია და, ამავე დროს, მნიშვნელოვანი პარტნიორიც. დღეს საქართველოს იტალიისთვის სამადლობელიც ბევრი აქვს და მასთან ერთად აღსანიშნავიც! თქვენ მხარს უჭერთ ჩვენს შიდა რეფორმებს და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ მისწრაფებებს. იტალია მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას. საქართველოსა და იტალიას, როგორც ტრადიციულ მეგობრებს, ბევრი რამ აქვთ საერთო. იტალიის მსგავსად, ქართული ცივილიზაციაც უძველესია და ჩვენც გვახასიათებს კულტურის, ხელოვნებისა და ტრადიციული სამზარეულოს სიყვარული. ისევე, როგორც იტალიას, საქართველოსაც გამოარჩევს ძირძველი და საქვეყნოდ ცნობილი მეღვინეობის ტრადიციები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოება დიდ სარგებელს მოიტანს; ხოლო, საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელება, იტალიელ ინვესტორებს, საქართველოში ინვესტირების კუთხით, დიდ შესაძლებლობებს მისცემს.

„ჩვენ გაშლილი ხელით შევხვდებით თქვენს თანამემამულეებს!”, – მიმართა პრემიერმა იტალიის ელჩს საქართველოში.

გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ანტონიო ენრიკო ბარტოლის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ სულისკვეთებისთვის, რომლითაც იგი ქართულ საქმეს ემსახურება და სიკეთისთვის, რომელიც დიპლომატის გამოცდილების გაზიარებამ, რჩევებმა და მხარდაჭერამ ქვეყანას მოუტანა.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი იტალიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის ელჩმა და გიორგი კვირიკაშვილს პირადი მეგობარი უწოდა.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით საარჩევნო პერიოდში და ვიცი, რომ, საერთოდ, დიპლომატები თავისი არსით ნეიტრალურები არიან, მაგრამ ეს მოდის ჩემი გულის სიღრმიდან – მე დიდ პატივს ვცემ გიორგი კვირიკაშვილს და, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ის აგრეთვე გახდა ჩემი პირადი მეგობარი”, – განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

„იტალიური ფესტივალი 2016″-ის ფარგლებში, ცნობილი იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსისა და აქსესუარების ჩვენება და იტალიური დროშების ექსკლუზიური კოლექციის გამოფენა გაიმართა. სტუმრებმა იტალიური კერძებიც დააგემოვნეს. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები