„სენტა ჯგუფი“ „გალფის“ წინააღმდეგ – ქონების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლო პროცესი არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა

ნავთობ პროდუქტების იმპორტიორი კომპანია “სენტა პეტროლიუმი” “სან პეტროლიუმ ჯორჯიასგან”, იგივე “გალფისგან” იძულებით გადაცემული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვს. “სენტა ჯგუფისა” და “გალფის” საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს, სადაც დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
“სენტა ჯგუფის” ადვოკატი დავით ასათიანი ამბობს, რომ “სენტა პეტროლიუმი” იყო ნავთობპროდუქტების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, რომელიც ახორციელებდა საბითუმო და საცალო ვაჭრობას საქართველოს ბაზარზე. საკუთრებაში გააჩნდა 50-მდე ავტოგასამართი სადგური, ტერმინალები და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.
“2010 წლის მონაცემებით სენტა პეტროლიუმის მოგებამ შეადგინა 8,5 მილიონი ამერიკული დოლარი. ხოლო 2011 წლის დასაწყისში ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მოთხოვნით მათ ეცნობათ, რომ უნდა გადაეცათ აღნიშნული ქონება 22 მილიონ დოლარად, მაშინ როდესაც მხოლოდ ერთ წელიწადში იღებდა ეს ხალხი მოგების სახით 8 მილიონ ნახევარ აშშ დოლარს, მთლიანი შემოსავალი კი შეადგენდა 155 მილიონ ლარს. ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი წინადადება, მაგრამ ისინი იძულებულნი გახდნენ დათანხმებულიყვნენ აღნიშნულ მოთხოვნას და გადააფორმეს მთელი მათი ქონება, მათ შორის ავტო გასამართი სადგურების ქსელი და ნავთობბაზები. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებოდნენ, რომ ციხიდან მოუწევდათ ქონების დათმობა. ეს იყო ძალიან დაბალი ფასი, ეს აქტივები რეალურად სამჯერ მეტი ღირდა”, – განაცხადა დავით ასათიანმა.
ის კომპანიები, რომლებსაც გადაეცათ ქონება ოპერირებენ “გალფის” ბრენდის ქვეშ. სენტა ჯგუფი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი აღნიშნული ხელშეკრულებები და ეს 50 ავტოგასამართი სადგური, ნავთობტერმინალები და უძრავ-მოძრავი ქონება, რაც უკანონოდ, მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად ჩამოერთვათ 2011 წელს უკან დაუბრუნდეთ.
საქმეში იკვეთება დავით კეზერაშვილის პირადი ინტერესები. მოპასუხე მხარე ასევე არ უარყოფს ფაქტს, რომ ის პირადად აწარმოებდა აღნიშნულ მოლაპარაკებებს ბიზნესის მფლობელებთან.
”ამ გარიგების დადებაში კეზერაშვილს ჰქონდა ინტერესები. ახლა ვისია ეს კომაპნიები არ ვიცით, რადგან მათ უკან ოფშორული კომპანიები დგანან და რეალური დამფუძნებლები და მათი სახელები არსად არ ჩანს”,- აღნიშნა ასათიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები