სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 5 თვეში 15 ბაღი და 8 სკოლა დააჯარიმა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სასწავლო წლის დასრულების პარალელურად, სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკებში არსებული მდგომარეობა შეაჯამა. სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში 1505 შემოწმება განახორციელა, მათ შორის 998 – საბავშვო ბაღში და 507 – სკოლაში.
დარღვევების გამოვლენის შედეგად დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი (15 ბაღი და 8 სკოლა), რომლებსაც შეუსაბამობების გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცათ.
სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სახელმწიფო კონტროლის გაზრდის პარალელურად ყოველწლიურად მცირდება დარღვევების რაოდენობა.
2014 წელს 4 სკოლის სასადილოს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა, 2015 წელს დახურვის არცერთი ფაქტი გამოვლინდა.
„დადებითი ტენდენცია ბიზნესოპერატორების ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებულობის გაზრდას უკავშირდება. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკების შემოწმებას; გაიცემა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებას და გამოსწორებას ბიზნესოპერატორები მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე შეძლებენ. სააგენტოს სპეციალისტები სკოლებსა და ბაღებში არსებულ ვითარებას სასწავლო წლის დაწყებისასაც გადაამოწმებენ. სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა მნიშვნელოვანია მოზარდი თაობის ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებს 2013 წლიდან ამოწმებს. სახელმწიფო კონტროლი კერძო და საჯარო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 2015 წელს განხორციელდა 2095 შემოწმება (დოკუმენტური შემოწმება, ინსპექტირება, მონიტორინგი, გადამოწმება) საბავშვო ბაღების და 801 სკოლების კვების ბლოკებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები