სოფელ რუხში სასათბურე მეურნეობა გაიხსნა

სამეგრელოს რეგიონში, კონფლიქტიპირა სოფელ რუხში სასათბურე მეურნეობა გაიხსნა. პროექტი აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივითა და საქართველოში იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის 92 ათას დოლარზე მეტი დაიხარჯა.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი ლევან შონია ესწრებოდნენ.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოში სათბურების რაოდენობა 7 400 – დან 13 500-მდე გაიზარდა.
,,აღნიშნული სასათბურე მეურნეობა საქართველოსა და იაპონიის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობას შუწყობს ხელს“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
სასათბურე მეურნეობაში სხვადასხვა სახის ბოსტნეულის წარმოებასთან ერთად, კოლხური ბზის კორომებსაც გამოიყვანენ. მეურნეობაში დასაქმებულთა უმეტესობა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია.
„საქართველო და იაპონია მჭიდროდ თანამშრომლობენ. იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით საქართველოში არაერთი პროექტი ხორციელდება. იაპონია მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და რეგიონის მოსახლეობისთვის პროექტების განხორციელებას. აღნიშნული პროექტი, რომლის ფარგლებშიც სასათბურე მეურნეობა გაიხსნა, ხელს შეუწყობს რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. აღნიშნული პროექტი ორ ქვეყანას შორის გადებული მეგობრობის კიდევ ერთი ხიდია“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა, ტოშიო კაიტანიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები