სუს-ის, შსს-ს და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საჩვენებელი ვარჯიში გამართეს

„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესის “ ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და გარემოსა ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებმა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საჩვენებელი ვარჯიში გამართეს, რომელსაც საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხოელი მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს შესაბამისი უწყებების კოორდინირებულ მუშაობას საშიში მასალების უკანონო ბრუნვის აღკვეთის დროს.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ოპერაციების დეპარტამენტის J3/7 დირექტორმა გარი ბლორმა განაცხადა: „ძალიან შთამბეჭდავი და სწრაფი ვარჯიში იყო, რაც, ჩემი აზრით, ასეთი ოპერაციების დროს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს სწრაფი რეაგირება და დააკავონ დამნაშავეები, რათა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა შეძლონ თავიანთი მოვალეობის შესრულება. საქართველო ლიდერია ქბრბ რისკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, ამ კუთხით ყველა ქვეყანა გათვითცნობიერებული უნდა იყოს. აშშ, რომელიც საქართველოს ამაყი პარტნიორია, ეხმარება საქართველოს ამ მიმართულებით. ჩვენ ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვართ და ველოდებით, რომ ჩვენი პარტნიორობა გაგრძელდება“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა: „საქართველოში მიმდინარეობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი, რომელსაც მასპინძლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. კონგრესის ფარგლებში დღეს გაიმართა საჩვენებელი ვარჯიში, რომელიც ეხებოდა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის აღკვეთას. ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები და დღევანდელ ღონისძიებაზე ჩვენს სტუმრებს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ეხილათ, თუ როგორ ებრძვის კოორდინირებულად საქართველოს შესაბამისი უწყებები საშიში მასალების უკანონო ბრუნვას.“
„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასპინძლობს, რომელიც 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, თბილისში, სასტუმრო “რედისონში” ტარდება. კონგრესში მსოფლიოს 30 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ქბრბ სფეროს ექსპერტები და მეცნიერები მონაწილეობენ. მასზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გაუვრცელებლობა, ბიოდაცულობა და ბიოუსაფრთხოება, ქიმიური უსაფრთხოების ასპექტები და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები