ხვალ, ჩაჩავას კლინიკაში წარადგენენ უფასო ,,აცრების ეროვნული კალენდრის მობილურ აპლიკაციას მშობლებისათვის“

ხვალ,  1 ივნისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 13:30 საათზე ჩაჩავას კლინიკაში, წარადგენენ უფასო ,,აცრების ეროვნული კალენდრის მობილურ აპლიკაციას მშობლებისათვის“.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მობილური და ტაბლეტ აპლიკაცია (რომელიც მუშაობს IOS და Android პლათფორმებზე) შეიქმნა მშობლებისათვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით.
აპლიკაციის საშუალებით მშობლები მიიღებენ ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი პროფილაქტიკური აცრების კალენდრის, ვაქცინების, ვაქცინაციის უკუჩვენებების და ცრუ უკუჩვენებები, გაფრთხილებების, აცრების ჩატარების რეკომენდებული ასაკებისა და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ.
აპლიკაციის ერთ-ერთი ფუნქციაა ჩასატარებელი აცრების ვადების შეხსენება. ამისთვის საჭიროა, თქვენს მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთულ აპლიკაციაში შეიყვანოთ ბავშვის/ბავშვების – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მონიშნოთ უკვე ჩატარებული აცრები. მომდევნო აცრის თარიღის მოახლოებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას ჩასატარებელი აცრების სახეობისა და თარიღის შეხსენების შესახებ.
უფასო აპლიკაციის ჩამოსატვირთად App Store-ში ან Google Play-ში აკრიფეთ სიტყვა ,,აცრები“ ან ეწვიეთ ვებ გვერდს www.ncdc.ge, სადაც განთავსებულია აცრების ეროვნული კალენდარი და მიჰყევით ბმულს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები