გიორგი ალიბეგაშვილი საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის“-ვარდების ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარესთან რიმა ბერაძესა და საკრებულოს წევრთან ილია ჯიშკარიანთან ერთად აშუღი პოეტის საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის“, იგივე ვარდების ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო.
საკრებულოს წარმომადგენლებმა საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღვართან ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან და სომხური ეპაქრიის სხვა სასულიერო პირებთან ერთად საიათნოვას საფლავს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს. საიათნოვას საფლავზე დაწყებული ცერემონიალის შემდეგ, გიორგი ალიბეგაშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
„ეს დღე იოსებ გრიშაშვილმა, ჰოვანეს თუმანიანმა და გევორგ ბაშინჯაღიანმა სახელოვანი თბილისელი სომეხი აშუღის – საიათნოვას საპატივსაცემოდ დააწესეს. ყველას ვულოცავ ამ დღესასწაულს, რომელიც ერთნაირად ძვირფასია როგორც სომეხი, ასევე ქართველი ხალხისთვის“,-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
დამსწრე საზოგადოებას „ვარდატონის“ დღესასწაული რიმა ბერაძემაც მიულოცა და აღნიშნა, რომ ფრაქციასთან არსებული „ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭო აქტიურად თანამშრომლობს თბილისში მცხოვრებ ყველა დიასპორასთან, რაც ერებს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.
საზეიმო ღონისძიება, რომელიც ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე გაიმართა, საკონცერტო პროგრამით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა თანამედროვე პოეტებთან, მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, საქართველოსა და სომხეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა მიიღეს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ასევე, საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირების წარმომადგენლები, ქართველი და სომეხი პოეტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
საიათნოვა „ვარდატონი“ 2016, თბილისის მერიისა და ორგანიზაციის „ქართველ სომეხთა კავშირი“ პატრონაჟით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცის სამინისტროს, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის დრამატული თეატრისა და საქართველოში სომხეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
დღესასწაული პირველად 1914 წელს აღინიშნა და მას შემდეგ, ტრადიციულად, ყოველი წლის მაისის ბოლო კვირა დღეს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები