ვერეს ხეობაში გამწვანების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ახალ გზაზე იმყოფებოდა. მერმა აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. აღნიშნული ტერიტორიის გამწვანება უკვე დასასრულს უახლოვდება. მერიის ინფორმაციით, სულ ვერეს ხეობაში 10 ათასამდე წიწვოვან – ბუჩქოვანი მცენარე დაირგვება, რომელთა სიმაღლე 2-დან 4 მეტრამდეა. დავით ნარმანიას განცხადებით, ხეების დარგვა უახლოეს დღეებში დასრულდება.
ამას გარდა, თბილისის მერი მზიურშიც იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება და კეთილმოწყობა, ასევე გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება.
„ჩვენ ვგეგმავთ მდინარის კალაპოტის ფორმირებასაც, რაც შემდგომში უსაფრთხოს გახდის მდინარეს და მის მიმდებარე ტერიტორიას. პროექტი ამ მიმართულებით უკვე მზად არის და მის განხორციელებას თბილისის მერია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გეგმავს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, დაზიანებული ტერიტორიის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება, რათა ტერიტორია კეთილმოეწყოს და უფრო საინტერესო გახდეს მოსახლეობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები