დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რუხის სავაჭრო ცენტრს ესტუმრნენ

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რუხის მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრს ესტუმრნენ.
სავაჭრო ცენტრის დირექტორმა, დავით მაჭავარიანმა ელჩებს ცენტრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
“პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანი იყო ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, რათა მათ შეძლებოდათ თავის საცხოვრებელი ადგილიდან მაქსიმალურად ახლოს მიეღოთ საჭირო პროდუქტი და მომსახურება“, – აღნიშნა დავით მაჭავარიანმა.
საპარტნიორო ფონდმა რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დაასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე დასაქმებული იყო 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი. ცენტრი გაიხსნა გაზაფხულზე და მუდმივად უკვე დაასაქმა 30–მდე ადგილობრივი.
კომპანიების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის ფონდმა მიმზიდველი კომერციული და ტექნიკური პირობები შექმნა. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო და საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. ცენტრში საკუთარი მაღაზიები უკვე გახსნეს გორგიამ, საგამ, თეგეტა მოტორსმა, ლიბრემ და სხვა.
სავაჭრო ცენტრის შუა ნაწილში განთავსებულია ღია ბაზარი, სადაც შესაძლებელია ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მათ მიერ მოყვანილი სასოფლო სამეურნეო პროდუქტების რეალიზება, ღია ბაზარი სულ 370 დახლს მოიცავს.
შენობების საერთო ფართი 10000 მ2-ს შეადგენს, კომპლექსი ჯამში 10 შენობითაა წარმოდგენილი, ხოლო სავაჭრო ცენტრის საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. შენობები აგებულია ევროპული სტანდარტის დაცვით, რომელიც მიღებულია ამ ტიპის ობიქტების მშენებლობაში. სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაცია/კონდიცირების, გათბობის თანამედროვე სისტემებით. პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს 28–29 მაისს ეწვივნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები