ქართლის ღვინის ფესტივალი დაფუძნდა

გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, ქართლის ღვინის ფესტივალი დაფუძნდა. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაა.
“ქართლის ღვინის ფესტივალი – ატენი 2016” ასეულობით სტუმარს მასპინძლობდა. ფესტივალზე დამსწრე სტუმართა შორის პოლონეთიდან, საფრანგეთიდან და ბრიტანეთიდან ოფიციალური პირები იყვნენ.
ღონისძიებას ასევე, ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელები, გორის მაჟორიტარი დეპუტატი, მიწვეული სასულიერო პირები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.
ფესტივალის მსვლელობისას ქართლში არსებული ვაზის ჯიშებისგან დაწურული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. დღესვე, მეუფე ანდრიამ სტუმრებს ქვევრის ღვინის მარანში უმასპინძლა და „ბერების ღვინო“ დააგემოვნებინა. ატენში, ორბელიანების მარანში, სტუმრებს ქართულ ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი მსახიობები და სპეციალურად ამ დღისთვის მიწვეული მეარღნე ელოდნენ.
საფესტივალო ტერიტორიაზე გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ნახატები და თექაზე შესრულებული კომპოზიციები გამოიფინა. ასევე, გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ ფაცხებში სოფლის ნობათი და ღვინო გამოფინა. პარალელურად, ღია ცის ქვეშ გრანდიოზული კონცერტი გაიმართა.
“ქართლის ღვინის ფესტივალი ატენი 2016” წელს პირველად ჩატარდა და მას ტრადიციული ხასიათი ექნება. ფესტივალის მიზანი ქართლში დაწურული ღვინის პოპულარიზაციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები