ბათუმის ბულვარში საზაფხულო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმის ბულვარში საზაფხულო სეზონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ოფიციალურად გახსნა.
ერთდღიანი ღონისძიების ფარგლებში საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიასა და ბულვარის ახლად რეაბილიტირებულ ხეივნებში, მასშტაბური კონცერტი და გასართობი პროგრამა დაიწყო.
სეზონის გასხნასთან დაკავშირებით, ბულვარის სასეირნო ბილიკები საზეიმოდ არის მორთული, მცირე სცენაზე კი, ბათუმური ბენდები Nemo, Strawberry Fields, Sound Lab და მოსიარულე დრამერები უკრავენ.
ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ახალი ტურისტული მარშრუტების პრეზენტაციაც.
ბათუმში არსებული სასწავლებლების ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ლაშქრობები მაღალმთიანი აჭარის ახალ ტურისტულ მარშრუტებზე: ველო ტური მირვეთში, მაჭახელას თოფის გზა, ღვინის და კულინარიული ტური ვაიოში, სათავგადასვლო ტური შუახევში და ლაშქრობა მტირალაზე. ბულვარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრთან მოეწყობა ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია.
დღეს, ბათუმის ტურისტები შეძლებენ უფასოდ მოინახულონ გონიოს ციხე, ნობელების მუზეუმი, არქეოლოგიური და მუნიციპალიტეტებში არსებული სხვა მუზეუმები. სპეციალური ფასდაკლებებით სარგებლობენ დამსვენებლები ბულვარის სანაპირო ზოლთან მობილიზებული საზღვაო სასეირნო ტრანსპორტით – იახტებით, პარაშუტებითა და კატამარანებით.
ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყო და ღამის 03:00 საათამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები