არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას გამართავენ

თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“, “თბილისის ტრამვაი”, “საქართველოს საავტომობილო ფედერაცია”, “საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია”, „ეკო ტრანსპორტის ცენტრი“, „იარე ფეხით“, “საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი”, “ჯამპ სტარტ ჯორჯია” ქუჩის აქციას გამართავს.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ქუჩის აქცია კვირას, 29 მაისს 12 საათზე გაიმართება.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიმართავენ პარლამენტს და ითხოვენ დაუყოვნებლივ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდეს კანონპროექტის “საგზაო მოძრაობის შესახებ” განხილვა, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით კანონპროექტის ოპტიმიზაცია და დამტკიცება, რადგან სიტუაცია გზებზე საგანგაშოა და მოითხოვს როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე სამთავრობო სექტორის სასწრაფო რეაგირებას. აღნიშნული კანონი კი ხელს შეუწყობს საგზაო შემთხვევების პრევენციას.
კანონპროექტის განხილვამდე კი უმოკლეს ვადაში პროექტის ოპტიმიზაციის მიზნით დაიგეგმოს შეხვედრა პარლამენტში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
აქციის მონაწილენი ერთი საათის განმავლობაში დადგებიან პარლამენტის წინ პლაკატებით – “საქართველოში წელიწადში 600-ზე მეტი ადამიანი იღუპება გზებზე”, “თბილისში 44%-ით გაიზარდა სიკვდილიანობა გზებზე”, “პარლამენტის უმოქმედობა დანაშაულია!”, “მოვითხოვთ კანონპროექტის მიღებას”.
აქციის ბოლოს კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელს მოაწერენ პარლამენტისთვის გასაგზავნ ოფიციალურ წერილს.
კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2015 წლის 10 დეკემბერს მოხდა. მისი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი მუხლებია უკონტაქტო პატრულირება/ ქულათა სისტემა და სხვა საგზაო შემთხვევების გამომწვევ სამართალდარღვევებზე სანქციების გამკაცრება.
გზებზე მსხვერპლის შესამცირებლად კანონპროექტის მოკლე ვადებში განხილვა და მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც მხოლოდ თბილისში 3 თვის განმავლობაში 2016 წელს 2015 წელთან შედარებით 44%-ით გაიზარდა სიკვდილიანობა გზებზე, ხოლო 2015 წლის განმავლობაში საქართველოში დაიღუპა 602 და დაშავდა 9,187 ადამიანი, რაც წინა წელთან შედარებით სიკვდილიანობის 20%-იანი ზრდაა. ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოს გზებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა 4-ჯერ მაღალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები