საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს ეწვევიან

28-29 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით “დიპლომატიური ტური” გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს ეწვევიან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომატიურ ტურში საქართველოში აკრედიტებული ორმოცამდე რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ტურის ფარგლებში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები გაეცნობიან სამეგრელოს რეგიონის როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურისტულ პოტენციალს და ღირშესანიშნაობებს. ტურის ფარგლებში დიპლომატები მოინახულებენ სამეგრელოში არსებულ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
დიპლომატები გაეცნობიან საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებს, ელჩები აგრეთვე დაათვალიერებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მოქმედ საწარმო „სტიმორს“.
„დიპლომატიური ტური 2016“-ის თანაორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა.
ტურის მონაწილეებისთვის რეგიონის შესახებ პრეზენტაციას გამართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები