თამარ სანიკიძე: უმაღლეს სასწავლებლებს საკანონმდებლო ინიციატივები მომავალ კვირას დაეგზავნებათ

„განათლების შესახებ კანონში“ განსახორციელებელი ცვლილებების საკანონმდებლო ინიციატივები უმაღლეს სასწავლებლებს მომავალი კვირის დასაწყისში დაეგზავნებათ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განათლების სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
თამარ სანიკიძე დღეს, სამინისტროში რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის რექტორებს, არასამთავრობოებისა და სტუდენტების წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრი შეხვედრის მონაწილეებთან ერთად სამ ძირითად საკითხზე მსჯელობდა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა განაცხადა, შეაჯამეს პოზიციები იმ პრინციპებთან დაკავშირებით, რომელთა კანონში ასახვაც სურთ.
„ეს შეეხება შემდეგს: პირველი ეს არის ფაკულტეტის საბჭოებში სტუდენტების პირდაპირი წესით არჩევნები. იყო გარკვეული მოსაზრება, კანონში რამდენად დეტალიზებული უნდა იყოს. თუ უნდა იყოს კანონში ძირითადი ჩანაწერი და უნივერსიტეტები წესდებებით განსაზღვრავენ იმ დეტალებს, რომელიც კონკრეტული უნივერსიტეტისთვის არის აქტუალური. ვფიქრობთ, ეს ნორმალურია და ჩვენ ამას დავეთანხმეთ. მეორე საკითხი, რომელიც შეეხება რექტორისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლების არჩევნებს. აქ არ არსებობს ერთი უნიკალური მოდელი და ჩვენ ვისაუბრეთ დღეს არსებული ხარვეზის გამოსწორებაზე, რომელიც არჩევის წესში არსებობს და ამის კორექტირება მოხდება“, – განაცხადა მინისტრმა.
თამარ სანიკიძის თქმით, ასევე ისაუბრეს თვითმმართველობის საკითხზე და 45-ე მუხლზე. მიღწეული შეთანხმებით, იქნება დაახლოებით ერთწლიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც სასწავლებლებში თვითმმართველობის არჩევნები აღარ გაიმართება და მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ ის ადამიანები, რომლებიც თვითმმართველობაში ამჟამად არიან. თამარ სანიკიძემ ასევე ისაუბრა რეფორმის განსახორციელებლად მომუშავე პლატფორმის შექმნის აუცილებლობაზე, რომლის წევრები უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა წარმოადგინონ. თუმცა, საკითხებიდან გამომდინარე, პლატფორმაზე მიწვეულნი იქნებიან შესაბამისი მიმართულების ექსპერტებიც, რომელსაც სამინისტრო უზრუნველყოფს. სამინისტროში გამართულ შეხვედრას თსუ-ს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები