ილია მეორე: მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, რომ მოქალაქეობის მიღების პროცესი გაადვილდეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელისუფლებას უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის, საქართველოს
მოქალაქეობის მიღების პროცესის გამარტივებას სთხოვს. როგორც პატრიარქმა მეორე დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას ბრძანა, დიასპორის ყველა წევრი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. უწმინდესმა დიასპორაში მყოფი ქართველები დალოცა და აღნიშნა, რომ ისინი დიდ საქმეს აკეთებენ სამშობლოსთვის. მისივე თქმით, საზღვარგარეთ დასარჩენად არცერთი ქართველი არ ემეტება.
”უპირველეს ყოვლისა, მე უნდა ვთქვა, რომ დიასპორა საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ეს უნდა გვახოვდეს ჩვენ მკვიდრნთა საქართველოისა და დიასპორაში მყოფ ქართველ ხალხს. ამიტომ დიასპორის ყოველი წევრი უნდა იყოს მოქალაქე საქართველოსი. მე მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს, რომ გაადვილდეს ეს პროცესი მოქალაქეობის მიღებისა. მე მინდა დავლოცო დიასპორაში მყოფი ქართველი ხალხი. დიდ საქმეს აკეთებთ თქვენ, თქვენთვისაც და სამშობლოსთვის და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ღვაწლს, თქვენს შრომას. უცხოეთში შექმნილია არაერთი წრე, აშენებულია არაერთი ეკლესია-ტაძარი და ფაქტობრივად უცხოეთში ტაძრები ქართველ ხალხს აერთიანებს. შექმნილია საკვირაო სკოლები და ეს ძალიან დიდ იმედს გვაძლევს ჩვენ – ყველას, რომ ერთად ვიქნებით, მაგრამ, ამავე დროს, მე არ მემეტებით იმისთვის, რომ თქვენ იქ დარჩეთ. ჩვენ გელოდებით სამშობლოში თქვენი შვილებით, ოჯახით. ჩვენი სამშობლოს კარი მუდამ ღიაა თქვენთვის. ჩამოდით და უპატრონეთ ჩვენს სამშობლოს. მე მინდა გითხრათ დიასპორაში მყოფ ქართველებს, რომ ძალიან დიდი ინტერესია უცხოელი ბიზნესმენების, ჩამოდიან ქმნიან ბიზნესს. ისე არ გამოვიდეს, რომ თქვენ რომ ჩამოხვალთ ყველაფერი დაკავებული იყოს”, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები