„ლევილი მუდამ ჩემს გულშია“

პირველი დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურის, – ნოე ჟორდანიას შვილი, რეჯებ ჟორდანია 26 მაისთან დაკავშირებით წერილს – „ლევილი მუდამ ჩემს გულშია“ აქვეყნებს.

„წლეულს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 98-ე წელს, რომელიც თავის დროზე მამაჩემმა – ნოე ჟორდანიამ – 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. ამასთან ერთად, პარიზის მახლობლად მდებარე ლევილის მამულის გარდაქმნის გეგმებიც სრულდება – მან უნდა გააგრძელოს თავისი არსებობა როგორც ჩვენი პირველი რესპუბლიკის მუზეუმი, და ასევე იმოქმედოს, როგორც ფრანგულ-ქართული კულტურული ცენტრი. აი, ამ მოვლენების ფონზე მსურს გავუზიარო თანამემამულე ქართველებსა და მეგობრებს ჩემი გრძნობები და ფიქრები ამ ეროვნული საგანძურის მნიშვნელობის თაობაზე.
ლევილის მამულს მუდამ გულით ვატარებ – ის ხომ ჩემი ბავშვობის, ყმაწვილობისა და ახალგაზრდობის ადგილია. გარდა ამ პიროვნული განზომილებისა, ლევილი, მართლაც, ის მისტიკური სავანეა, რომელსაც ისტორიულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველი ქართველისთვის, სადაც არ უნდა იყოს ის. ჩვენი პირველი რესპუბლიკის მიმართ ინტერესის განახლება უკავშირდება იმ სოციოლოგიურ ფენომენს, რომელიც უნიკალურია საქართველოს ისტორიაში – პირველად ბოლო საუკუნეების მანძილზე გაჩნდა თაობა ახალგაზრდა ქართველებისა, რომელიც უშუალოდ არ იცნობს საბჭოთა, და არც თუნდაც სხვა ქვეყნის უღელს. ჩვენს თვალწინ საქართველოში თავის კანონიერ ადგილს იმკვიდრებს სოციალური ფენა, რომელიც ბოლოს და ბოლოს თავისუფალია საბჭოთა კომუნიზმის ხილული და უხილავი ჯაჭვებისაგან, რამაც ძირეულად დაამახინჯა უამრავი ქართველის აზროვნება და არ მისცა შესაძლებლობა მათ, მკაფიოდ დაენახათ და დაეფასებინათ ჭეშმარიტი ღირებულება იმ დიდი პატრიოტებისა, ვინაც პირველი მსოფლიო ომის ქაოსიდან გამოძერწა თანამედროვე და დემოკრატიული საქართველო.
როგორც პროფესორი სტივენ ჯონსი გვახსენებს: “…საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შემოიღო ხმის უფლება ქალთათვის, განაცალკევა სახელმწიფო და ეკლესია, დააარსა მრავალპარტიული პარლამენტი, აღიარა კერძო საკუთრება, დაამკვიდრა უფასო და საყოველთაო განათლება, დააწესა უმუშევართათვის შემწეობა და მინიმალური ხელფასის ზღვარი, გადაანაწილა მიწა და უზრუნველყო პრესის თავისუფლება. … საქართველოს ახალი ლიდერები ეცადნენ დაებალანსებინათ მეწარმეთა უფლებები (მათ შორის პრივატზაცია სოფლად) – უღარიბესი მოქალაქეების მიმართ სახელმწიფო ვალდებულებებთან … მრეწველობისადმი სახელმწიფო მხარდაჭერა შეეთანადა ეკონიმკური ლიბერალიზმის იდეების პრაქტიკაში განხორციელებას…”
დემოკრატია განა მხოლოდ ტექსტებსა თუ სახელმწიფო ინსტიტუტებში მოიპოვება, ის უპირველესად ყველა მოქალაქეთა გონებასა და შეგენებაშია, თუმცა საქართველოში ეს ჯერ ბოლომდე ასე არაა. ამის კი მაფიქრებინებს ხშირი აღრევა ორი სრული ანტითეზისა – სტალინისტური კომუნიზმისა და დასავლური სოციალიზმის. ქართველებსა და ზოგადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებში მწირია ცოდნა იმ მარტივი რეალობის შესახებ, რომ ყველა დასავლური ტიპის ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, ფუნქციონირებს სოციალისტურ იდეებზე აღმოცენებული იმ ინსტიტუტების საფუძველზე, რომლებიც, ძირითადად, მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა: რემსი მაკდონალდსის შრომითი პარტიის თაოსნობით დიდ ბრიტანეთში, სახალხო ფრონტის მიერ საფრანგეთში, სკანდინავიის ყველა ქვეყნის მიერ, და ფრანკლინ რუზველტის ახალი კურსის საფუძველზე ამერიკაში; ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა სოციალური დაცვის სისტემა, ანაზღაურებული შვებულებები, სამედიცინო დაზღვევა, სოციალური სახელმწიფო, უმუშევრობის დაზღვევა და ბევრი სხვა – სწორედ ამ მემკვიდრეობის ნაწილია. პოლიტიკური სიმწიფე ასე იოლად არ მიიღწევა, აზრისა და ფასეულობების ევოლუციას დრო სჭირდება. ლევილის მამულის უდიდესი მნიშვნელობაც სწორედ ისაა, რომ იგი ჩვენი პირველი რესპუბლიკის უწყვეტად გაგრძელების ფიზიკური ადგილია; ის წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილს, არამედ იგი ჩვენი პოლიტიკური სიჯანსაღის საწინდარიცაა, და მისი ფიზიკური არსებობა უტყუარ სიცხადეს სძენს ჩვენი ქვეყნის დემოკარტიულ და დასავლეთზე ორინეტირებულ ბედისწერას. ყოველი ქართველი, როგორიც არ უნდა იყოს მისი პოლიტიკური მრწამსი, უნდა ამაყობდეს, რომ საქართველო იყო პირველი სოციალ-დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში. ლევილის მამული კი მუდამ დარჩება ჩვენი ეროვნული განვითარების ამ სასიცოცხლო ფაზის მატიანე. საქართველოს გაუმარჯოს“! – წერს რეჯებ ჟორდანია, ნიუ-იორკი.

წერილი ინგლისურიდან თარგმნა და წინათქმა დაურთო ევროპის პარლამენტში საგარეო საკითხებში მრჩეველმა თეონა ლავრელაშვილმა:

“26 მაისს უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ალბათ განმარტებას არ საჭიროებს. მაგრამ ალბათ კიდევ უფრო დიდი გრძნობით და სიამაყით ვიზეიმებდით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, უკეთ რომ გაგვეაზრებინა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობა არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშოროსო თვალსაწიერიდანაც! საქართველომ 1918-21 წლებში საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას უფრო ადრე, ვიდრე ეს უმრავლეს ევროპულ სახელმწიფოში მოხდებოდა.

საქართველოს პოლიტიკური კულტურაც, რომელიც დღეს ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლად იქცა, იმდროინდელი ეპოქისათვის წამყვანი სტანდარტებით ვითარდებოდა. ბევრი თვალსაზრისით მაშინდელი საქართველო მისი თანამედროვე წამყვანი სახელმწიფოების და საზოგადოებების ფერხულს მიჰყვებოდა, და ზოგი მაშინდელი მიღწევა დღესაც კი ჩვენთვის სამაგალითოა.
მხოლოდ რამდენიმე მაგალითი რომ გავიხსენოთ – პოლიტიკური პარტიების მშენებლობა ეფუძნებოდა მკაფიოდ ჩამოყალიბებულ იდეოლოგიებს და ნათლად გაწერილ ხედვას და მანიფესტებს, პარლამენტი მრავალპარტიული პრინციპით იყო მოწყობილი, პრესა კი ყოველგვარი იდელოგური ცენზურისგან თავისუფალი იყო. გასაოცარი მიღწევაა ისიც, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელმაც ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიანიჭა ჯერ კიდევ 1918 წელს (მაშინ, როდესაც შვეიცარიამ ეს მხოლოდ 1970 წელს დააკანონა), 5 ქართველი მანდილოსანი კი არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრებაში, ხოლო ერთი მათგანი პრეზიდიუმშიც კი იყო წარმოდგენილი.
საქართველოს პირველი მთავრობის ხელმძღვანელის, ნოე ჟორდანიას ვაჟიშვილი და ცნობილი ისტორიკოსი რეჯებ ჟორდანია ცდილობს, გადმოგვცეს მისი ხედვა, თუ მაინც რატომ არის ასე მნიშვნელოვანი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის გააზრება. იგი აღელვებით და იმედით აღნიშნავს, რომ საქართველოში საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოდის ახალი თაობა, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი გადმოცემითღა ან ისტორიის წიგნებიდან თუ ახსოვს. ეს არის სწორედ ჩემი თაობა, რომლის დიდმა ნაწილმა დასავლეთში მიიღო განათლება, რომელიც მოითხოვს, რომ პოლიტიკურ პარტიებს გააჩნდეთ იდეოლოგია და ხედვა. ამ თაობის წარმომადგენლები მოითხოვენ დემოკრატიულ თანამონაწილეობას გადაწყეტილებების მიღების პროცესში, მათ სურს ეკონომიკური პროგრესი ადამიანის გარშემო და ადამიანისათვის არსებობდეს, და არა მოსახლეობის მცირეოდენი ნაწილისათვის.
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ კი სწორედ საამისო ნიადაგი მოამზადა ქართული სახალხო დემოკრატიის ასაშენებლად. დღეს მისი მემკვიდრეობის, და ასევე მისი შეცდომების, ობიექტური და სიღრმისეული გააზრებით ჩვენ ისტორიული შანსი გვეძლევა, შევქმნათ ნამდვილად ევროპული ტიპის, დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფო. ეს არ უნდა მოხდეს უცხოური მმართველობის ფორმებისა თუ რეფორმების ბრმა და გაუაზრებელი გადმოტანის მეშვეობით. ჩვენი სახელმწიფო მშენებლობა უნდა მოხდეს ჩვენი გონებრივი და მორალური ინიციატივით, ეროვნულ და დემოკრატიულ საწყისებზე, წარსულისა და აწმყოს ღრმა გააზრების საფუძველზე. მხოლოდ ასეთი გზით საქართველო გახდება ღირსეული წევრი დიდი ევროპული ოჯახისა, რისი იდეური საძირკველი საქართველოში ჯერ კიდევ 1918 წელს შექმნა. საქართველოს დამოუკიდებლობას ევროპული ფესვები აუცილებლად გააერთიანებს და ააღორძინებს ჩვენს ქვეყანას. ამგვარი იმედით, გილოცავთ მეც ამ დიდებულ დღესასწაულს!“, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები