წმინდა სინოდი: „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზების“ ტექსტი ცვლილებას საჭიროებს

წმინდა კრების სამდივნოში საქარველოს ეკლესიის წარმომადგენელმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), კრებაზე განსახილველი დოკუმენტების მოკლე მიმოხილვა გააკეთა.
როგორც საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ წმინდა სინოდის სხდომის ოქმშია აღნიშნული, დოკუმენტების, – „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” და „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში”, – შესახებ ისაუბრა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე).
წმ. სინოდმა დაადგინა: დოკუმენტის „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზების“ ტექსტის ორი ადგილი საჭიროებს ცვლილებას. კერძოდ, ქვეთავის „მართლმადიდებლური ქორწინება” მე-10 მუხლი და ქვეთავის „ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები” მე-5 მუხლის „ა” პუნქტი.
„მართლმადიდებლური ქორწინების” მე-10 მუხლში ვკითხულობთ: „ეკლესია არ იღებს თავის წევრთა შორის ერთი სქესის მქონე პირთა კავშირს, ასევე სხვა ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრებას გარდა ქორწინებისა. ეკლესია მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რომ მისმა წევრებმა, რომლებიც ასეთ კავშირში იმყოფებიან, მიაღწიონ ჭეშმარიტ სინანულს და სიყვარულს, კურთხეულს ეკლესიის მიერ”.
იგი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად: ეკლესიისთვის მიუღებელია ერთი სქესის მქონე პირთა შორის სქესობრივი კავშირი, ასევე თანაცხოვრების სხვა, ქორწინებისგან განსხვავებული, ნებისმიერი ფორმა და გმობს ამ ცოდვას. ეკლესია წუხს ამგვარ ცოდვაში მყოფი ადამიანების უკვდავი სულის მარადიული ხვედრის გამო და მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რათა მათ შეიცნონ ამ ცოდვის უკიდურესი სიმძიმე და ჭეშმარიტი სინანულის გზით განეშორონ მას”.
„ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზების” მე-2 ნაწილის მე-5 მუხლის „ა” პუნქტში ვკითხულობთ: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურხება (ტრულის კრების 72-ე კანონი), თუმცა შესაძლებელია, იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში”.
აღნიშნულ მუხლში უნდა დარჩეს ტექსტის პირველი ნეწილი, სადაც წერია: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურხება (ტრულის კრების 72-ე კანონი)”, ხოლო მეორე ნაწილი, სადაც ვკითხულობთ, რომ „თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში”, – უნდა იქნას ამოღებული, რადგან იგი უპირისპირდება VI მსოფლიო კრების 72-ე კანონს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არ ერთ კრებას არ შეუძლია დაუპირისპირდეს, გააუქმოს, ან შეცვალოს მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დადგენილი ნებისმიერი კანონი“, -აღნიშნულია ოქმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები