რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღსანიშნავად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღსანიშნავად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე განთავსებულია სხვადასხვა უწყების საგამოფენო სტენდები, სადაც მოქალაქეებს ამა თუ იმ სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
რაც შეეხება უშუალოდ თავისუფლების მოედანს, იქ განლაგებულია სამხედრო ტექნიკა, მათ შორის არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებული, არამედ საქართველოში ქართულ-ამერიკული წვრთნებისთვის ჩამოყვანილი აშშ-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკაც.
თბილისში საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნება. დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით ასევე მოეწყობა ყვავილების ფესტივალი. 13:00 საათზე კი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს. მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მისულ მოსახლეობას მოძრაობის თეატრის პერფორმანსისა და პანტომიმის თეატრის მსვლელობის, ისტორიული ექსპონანტების გამოფენის, ქუჩის თეატრის პერფორმანსის, ”ბასტი ბუბუს” კონცერტის ნახვისა და სხვა გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.
20:00 საათზე კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვნა საზეიმო გალაკონცერტით დასრულდება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან. გალაკონცერტი ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქში გაიმართება, გარდა ზუგდიდისა. დაგეგმილი ღონისძიებების გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები