პროექტი – „გერმანული ენის თვე“ გრძელდება

21 მაისს, 14:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში საინფორმაციო ფორმატის შეხვედრა „სწავლა გერმანიისა და ავსტრიის უმაღლეს სასწავლებლებში“ მოეწყობა, რომელიც პროექტ „გერმანული ენის თვის“ ფარგლებში ხორციელდება გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების, DAAD-სა (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით.
ეს საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და მათი მშობლებისთვის იმ მიზნით, რომ მათ ზუსტი, სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ გერმანიასა და ავსტრიაში სწავლის წინაპირობებზე.
ამ მნიშვნელოვან შეხვედრას DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) ხელმძღვანელი მარტინ პრაქსენტალერი გაუძღვება. აქვე ისაუბრებენ საქართველოს სკოლებსა და გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის შესწავლის აუცილებლობაზე. გერმანიაში ინგლისურენოვანი პროგრამების სიმრავლის მიუხედავად, გერმანულენოვან ქვეყნებში საბაკალავრო საფეხურზე გერმანული ენის გარეშე სწავლა წარმოუდგენელია. ეს ეხება როგორც ზოგად მიმართულებებს, ასევე კონკრეტულ სპეციალობებს, როგორიცაა – მედიცინა და სამართალი. გერმანული ენის ცოდნა სტუდენტს გზას უხსნის სწავლებისა და კვლევის ხარისხით მსოფლიოში გამორჩეული უნივერსიტეტებისკენ, რომლებშიც სწავლის საფასური ან საერთოდ არ არის, ან სხვა საერთაშორისო პროგრამებთან შედარებით საკმაოდ დაბალია. აქედან გამომდინარე, ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვისაც კი გერმანული ენა გერმანულენოვან რეალობაში კომუნიკაციის აუცილებელ წინაპირობად რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები