კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაგთიკომის“ სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს ეხმიანება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიაში ბოლო პერიოდში შპს „მაგთიკომის“ სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს ეხმიანება.
როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური სატელეფონო მომსახურების ერთი წუთის ზედა ზღვრული ტარიფი 24 თეთრის ოდენობით 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით დაამტკიცა, გადაწყვეტილება მოქმედია და სავალდებულოა შესასრულებლად.
დღეს არსებული კონკურენციის პირობებში მომხმარებელი გაცილებით უფრო დაბალ ფასად იღებს მომსახურებას, სტანდარტული ტარიფით მხოლოდ ის აბონენტები სარგებლობენ, რომლებსაც არ აქვთ შერჩეული და გააქტიურებული სხვადასხვა სატარიფო პაკეტები.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილური ოპერატორების მარკეტინგულ პოლიტიკაში არ ერევა, ეს რეაგირება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერატორი არღვევს კომისიის გადაწყვეტილებას და მომხმარებლისთვის გაწეული მობილური სატელეფონო მომსახურების ერთი წუთის ღირებულება დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფს – 24 თეთრს გადააჭარბებს.
კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა წერილობით მიმართა შპს „მაგთიკომს“ და კომპანიის მიერ ტარიფების ცვლილების თაობაზე დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა. კომისია შესაბამის დამატებით განმარტებებს აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის დასრულების შემდეგ გააკეთებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები