სამცხე-ჯავახეთის რაიონში ტყის მცველს მანქანა გადაუწვეს

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველს ზურაბ ბლიაძეს ბრაკონიერებმა პირადი ავტომანქანა გადაუწვეს და ამავე უბნის უფროსის – მიხეილ ცხაკაიას საცხოვრებელ სახლს ქვები დაუშინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევა დღეს მოხდა. მათივე ცნობით, ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უბნის უფროს რეინჯერზე რეზო ქიმაძეზე.
„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მობილიზებულ იქნა საპატრულო პოლიცია. გარემოს დაცვის სამინისტრო შეგახსენებთ, რომ სამინისტროს თითოეული თანამშრომელი და განსაკუთრებით, ტყის მცველები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები იცავენ საქართველოს უდიდეს საგანძურს – ტყეს და ტყის რესურსს. სამინისტრო არ შეეგუება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების პროცესში თანამშრომლებზე ნებისმიერი სახის, მათ შორის ფიზიკური ზეწოლის მცდელობას. ყოველი ასეთი ფაქტი იქნება აღკვეთილი და გამოძიებული შესაბამისი ორგანოების მიერ“, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები