აფხაზეთიდან დევნილმა 64 წლის ინჟინერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

აფხაზეთიდან დევნილმა 64 წლის ინჟინერმა ვლადიმერ მისაბიშვილმა ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ვლადიმერ მისაბიშვილმა 100-ციფრიანი რიცხვიდან ზეპირი გაანგარიშებით 23-ე ხარისხის ფესვი 32 წამში ამოიყვანა. მიღებული რეზულტატი დაფიქსირდა მსოფლიო რეკორდად და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება.
ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
რეკორდის დამყარების პროცესს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრნენ.
ვლადიმერ მისაბიშვილის გამოთვლას რეკორდების ფედერაციის მსაჯები, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პროფესორები აკვირდებოდნენ.
ვლადიმერ მისაბიშვილი 1951 წლის 29 აგვისტოს, სოხუმში დაიბადა. 1975 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი. მათემატიკური მიმართულებით არასოდეს უმუშავია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები