უახლოეს პერიოდში ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ევროკომისიის სურსათის უვნებლობის დირექტორატმა რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, საქართველო მოხვდეს იმ ნუსხაში, საიდანაც შეიძლება თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
”ჩვენ გვაქვს ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. ევროკომისიის სურსათის უვნებლობის დირექტორატმა დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის სფეროში ბოლო 2 წლის მანძილზე გატარებული რეფორმები, რომელიც დაკავშირებულია მეფუტკრეობასთან, თაფლის წარმოებასთან და რეკომენდაციით მიმართა კომისიას, რათა საქართველო მოხვდეს იმ ნუსხაში, საიდანაც შეიძლება თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია. დარჩენილია მხოლოდ სტანდარტული პროცედურები, რომელსაც იმედია, ძალიან მალე გავივლით. ჩვენ გვქონდა ეს იმედი, რომ გავიდოდით ჩვენი ხარისხიანი, ძალიან მაღალი მოთხოვნის მქონე თაფლით ევროკავშირის ქვეყნებში”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
ოთარ დანელიამ მეფუტკრეობის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დაწყებული ლაბორატორიული ინსტრუმენტებით, ახალი ინფრასტრუქტურით, დამთავრებული დაავადების კვლევებით და კოოპერირების ხელშეწყობით კომპლექსური სამუშაოები გატარდა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის თქმით, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა, ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე გავიდეს.
„ეს არის დიდი შრომის შედეგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე ტკბილი ახალი ამბავი, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში გაცნობეთ”, -აღნიშნა ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები