ედუარდ პლინერი: გამაოცა ფიგურული ციგურაობის სკოლის ბავშვების მომზადების დონემ

ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის მოწვევით, 56 წლის მანძილზე პირველად, საქართველოს რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი ედუარდ პლინერი ეწვია.
ფედერაციის პრეზიდენტის მაკა გიორგობიანის განცხადებით, სპორტის ამ სახეობის დაარსება, საქართველოში სწორედ პლინერის სახელს უკავშირდება.
მისი დამსახურებაა თბილიში პირველი საციგურაო სკოლის შექმნაც.
როგორც გიორგობიანმა დღეს „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, პლინერის ვიზიტის მთავარი მიზანი იმ ქართველი მოციგურავეების მომზადების დონის შეფასება იყო, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ.
გიორგობიანის განცხადებით, ქართველი მოციგურავის, ელენე გედევანიშვილის მიერ სოჭის ოლიმპიადაზე ლიცენზიის მოპოვებაც სწორედ პლინერის დამსახურება იყო.
ფედერაციის პრეზიდენტმა ჩემპიონატიც შეაფასა და განაცხადა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ ჩემპიონატში არ მონაწილეობდნენ თბილისის საციგურაო სკოლის აღსაზრდელები.
„საქართველოს ჩემპიონატმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა. მონაწილეობდნენ ბათუმის და ქუთაისის სკოლის აღსაზრდელები. ჩემპიონატი ტრადიციულად ბათუმში გაიმართა. სამწუხაროა, რომ ჩემპიონატში არ მონაწილეობდა თბილისის საციგურაო სკოლის არცერთი სპორტსმენი, თუმცა გამოვლინდა გამარჯვებული.
საქართველოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით შეიქმნება საქართველოს ნაკრები, რომელიც შემდეგ მთელი სეზონის მანძილზე იარსებებს მსოფლიო არენაზე“,- განაცხადა გიორგობიანმა.
რაც შეეხება პლინერს, მან აღფრთოვანება გამოთქვა საქართველოში, ახალგაზრდა სპორტსმენების მომზადების მაღალ ხარისხთან დაკავშირებით. სკოლის აღსაზრდელებიდან, 9 ნიჭიერი სპორტსმენი გამოარჩია და განაცხადა, რომ ისინი მზად იყვნენ, საერთაშორისო არენაზე ეასპარეზათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ „კვირას“ პრესკლუბში პლენერმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემპიონატში მის მიერ შექმნილი სკოლიდან არავინ მონაწილეობდა.
„გამაოცა ბავშვების მომზადების დონემ. მე 9 ადამიანი გამოვყავი, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზზე შეუძლიათ გასვლა და კონკურენციის გაწევა. ეს ბავშვები ყველაზე მაღალი დონის მოთხოვნებს პასუხობენ. როდესაც ამ სკოლას ვქმნიდი, მას ოლიმპიური რეზერვის საბავშვო – ახალგაზრდული, სპორტული სკოლა ერქვა, დღეს კი ეს რეზერვი აღარ არის. მე დავინახე ბავშვები, როგორც ქუთაისიდან, ასევე ბათუმიდან, თუმცა არცერთი – რეზერვიდან. მგონია, რომ აქ ორგანიზებულობის საკითხია. ის, რომ იქ პატარა ყინულია, არ არის სათანადო არგუმენტი. აქ იწყებდა ბევრი წარმატებული სპორტსმენი, მათ შორის ელენე გედევანიშვილიც. დიდი მოცულობის ყინული ხომ არც ჩვენ გვქონდა. მაგრამ დავდიოდით „სბორებზე“ და ვამზადებდით სპორტსმენებს. ახდა ჩემი ოცნება, რომ საქართველოში ნაციონალური კადრები ყოფილიყვნენ დასაქმებულნი.
როდესაც აქ ჩამოვდიოდი, ჩემი პირველი მოთხოვნა იყო, სწორედ ნაციონალური კადრები ყოფილიყო. ვისურვებდი, რომ საციგურაო მოედანი თბილისში მალე აშენდეს. ეს დედაქალაქია და ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მე დავინახე,5-6 წლის ბავშვებში, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამას ყველა სახელმწიფოში ვერ ნახავთ. თუმცა იცით, კიდევ რა არის გაუგებარი, თუ პატარა მოცულობის ყინულია, მაშინ სხვა ორგანიზებაა საჭირო. მაგალითისთვის კი რეზერვი უნდა შეიქმნას და მოვამზადოთ ის ბავშვები, რომლებიც შეძლებენ ვარჯიშს თუნდაც ბათუმში. არასწორია ის მიდგომა, რომ თუ ყინული პატარა მოცულობისაა, აქ უბრალოდ ბავშვებმა უნდა ისრიალონ. სრიალი „როლიკებზეც“ შეიძლება. აქ არის ყინული და კარგი ტრენერები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი კადრებიც უნდა აღიზარდონ და სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის, მათ კარგი შედეგიც გვაჩვენონ“,-განაცხადა პლინერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები