უცხოეთიდან რიგი დოკუმენტების გამოთხოვისას, მოქალაქეები სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან გათავისუფლდებიან
უცხოეთიდან რიგი დოკუმენტების გამოთხოვისას მოქალაქეები სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით მიმართოს.
ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებსაც სურთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან გამოითხოვონ შემდეგი სახის დოკუმენტები: გარდაცვალების მოწმობა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტი, დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება.
საგარეო უწყების განმარტებით, კანონპროექტის თანახმად, შესაბამისი ცვლილებები დაემატება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლს. პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების დამტკიცების შემდგომ, ახალი რეგულაციები გამოქვეყნებიდან 15 დღეში ამოქმედდება.