გიგი გიგიაძემ ანტუან კამილერისთან შეხვედრაზე საქართველოში რომის პაპის დაგეგმილი ვიზიტი განიხილა

იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილესთან, არქიეპისკოპოს მონსინიორ ანტუან კამილერისთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში რომის პაპის სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტი განიხილეს და მასთან დაკავშირებული საკითხები. პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გახშირებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ვატიკანს შორის ისტორიულ კავშირებს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას.
მხარეებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს თანადგომისათვის და გამოთქვა იმედი, რომ ვატიკანი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
მონსინიორ ანტუან კამილერიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ და გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდება.
ვატიკანის წარმომადგენელთან შეხვედრამდე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ საქმიანი სადილი გამართა წმინდა საყდართან აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე, რომელიც მეგობრულ ვითარებაში წარიმართა, მიმოხილული იქნა ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული წარმატებები, ასევე, საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, კერძოდ, საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობები, ინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, სამომავლო პერსპექტივები და მოლოდინები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები