რა ახალი ვალდებულება ეკისრებათ ხორცისა და ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებს?

ხორცისა და ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებს სულ მალე ახალი ვალდებულება დაეკისრებათ, კერძოდ კი მათ ახალი „ჰასპის“ სტანდარტებით მოუწევთ მუშაობა, რომელიც მომხმარებლის კეთილდღეობაზე და ჯანმრთელობის დაცვაზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ანა გემაზაშვილმა დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე თავად ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ახალი სტანდარტი საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს. გემაზაშვილის განმარტებით, სტანდარტი შვიდ ძირითად პრინციპზეა დაფუძნებული. ესენია: საფრთხის ანალიზის ჩატარება, კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა, კრიტიკული ზღვრების დაწესება, მონიტორინგის პროცედურის გატარება, მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება, გადამოწმება და შემდეგ არსებული ჩანაწერების მართვა.
ახალი სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით, სააგენტო ბიზნესოპერატორებს კონსულტაციებსაც გაუწევს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორები აღნიშნულ სტანდარტს არ დანერგავენ, მათთვის გარკვეული სანქციების იქნება გათვალისწინებული, მათ შორის ფულადი ჯარიმებიც, რომლებიც 400 ლარიდან დაიწყება.
“ეს სისტემა მოთხოვნადია ევროპის ყველა ქვეყანაში და ჩვენც, ქვეყანა, რომელიც ვისწრაფით ევროპისკენ, ვცდილობთ, რომ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა, პრაქტიკა და რეალობა მივუახლოვოთ ევროკავშირის მოთხოვნებს. სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი საწარმოები, რომლებიც გადამამუშავებელ საწარმოებს წარმოადგენენ, კერძოდ, ცხოველთა სასაკლაოები და ნედლ რძეზე მომუშავე საწარმოები, ვალდებულები არიან, რომ კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინონ საფრთხის ანალიზი. პირველ რიგში, ეს ითვალისწინებს იმას, რომ თავად მეწარმის მიერ დაინერგოს თვითკონტროლის სისტემა და მოხდეს საფრთხის იდენტიფიცირება, თუ რა საფრთხე შეიძლება შეიქმნას სურსათის წარმოების პროცესში. ამ საფრთხეების იდენტიფიცირების შემდეგ კი მეწარმემ უნდა განსაზრღვოს მისი კრიტიკული წერილები და დანერგოს ამ საკონტროლო წერტილებზე ზღვრები – როგორც მინიმალური, ასევე მაქსიმალური. ამასთან, დააწესოს მუდმივი მეთვალყურეობა და მონიტორინგი, რომ არ მოხდეს ამ კრიტიკულ წერტილებში გარკვეული გადაცდენა იმ ზღვრებიდან, რომელიც საბოლოოდ აისახებიან სურსათის უვნებლობაზე. მეწარმემ ასევე უნდა აწარმოოს აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით სრული ჩანაწერები, ანუ იმას, რასაც ის განახორციელებს პრაქტიკაში, ეს უნდა იყოს გამაგრებული ჩანაწერებით“,-განაცხადა გემაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები