ილია მეორე: შევთხოვოთ ანდრია პირველწოდებულს, მოგვანიჭის უფალმა მშვიდობა და კეთილდღეობა

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსნების დღესთან დაკავშირებით ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯ მონასტერში იქადაგა და წმინდანის გამორჩეულობაზე ისაუბრა.
როგორც უწმინდესმა ქადაგებისას ბრძანა, ანდრია პირველწოდებული ჩვენთვის გამორჩეული მოციქულია.
პატრიარქის თქმით, როცა ის რომის პაპს შეხვდა, მან თქვა, რომ რომის ეკლესია პეტრე მოციქულის მიერ იყო დაარსებული, ხოლო საქართველოს ეკლესია ანდრია პირველწოდებულის მიერ და ისინი ძმები არიან.
„ჩვენთვის წმინდა მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სულიერ ცხოვრებაში. ის არის ჩვენი განმამტკიცებელი და ღვთის განგებით წარმოგზავნილი საქართველოში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევითა და მეოხებით. ანდრია პირველწოდებულმა მოიტანა საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და იყო პირველი მქადაგებელი.
ის იყო ძმა პეტრე მოციქულისა. ანდრია პირველწოდებული გამორჩეულია ჩვენთვის მოციქულთა შორის. განსაკუთრებული პატივისცემა იყო საქართველოში ძველ დროს, შვიდჯერ იყო დღესასწაული ანდრია პირველწოდებულისა. შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა მოციქულ ანდრიას ლოცვითა და მეოხებით განამტკიცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო და მართლმადიდებლური სამყარო, ჭეშმარიტი სარწმუნოება“, – აღნიშნა უწმინდესმა.
ქადაგების შემდეგ მონასტერში პარაკლისი გადაიხადეს.
„შევთხოვოთ ანდრია პირველწოდებულს, მოგვანიჭის უფალმა მშვიდობა და კეთილდღეობა“, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები