რუისის მცხოვრებლები დაზიანებული ტაძრის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მცხოვრებლები და სასულიერო პირები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. რუისში, წმინდა დემეტრე თესალონიკელის სახელობის ტაძარი ძლიერმა ქარმა და სეტყვამ დააზიანა.
სტიქიამ რვა დღის წინ ტაძარს სახურავი გადახადა და ამ ხნის განმავლობაში სახურავის გარეშე დარჩენილ ტაძარში უამინდობისას რამდენჯერმე წვიმა ჩავიდა, რამაც ტაძრის კედლები ჩამორეცხა.
სოფელ რუისში, წმინდა დემეტრე თესალონიკელის სახელობის ტაძართან ადგილობრივი მოსახლეობა და სასულიერო პირები შეიკრიბნენ და ხელისუფლებას ტაძრის აღდგენისთვის თანხის გამოყოფას სთხოვენ.
წმინდა დემეტრე თესალონიკელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა რაფაელი აცხადებს, რომ რვა დღის წინ სტიქიამ ტაძარს სახურავი გადახადა და ტაძარში წვიმა ჩადის.
„ეს გახლავთ უძველესი ტაძარი, VI-VII საუკუნეებით დათარიღებული და შეტანილია ძეგლთა დაცვის ნუსხაშიც. აღნიშნული ტაძრის გადარჩენა უაღრესად მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩვენ აღარ ვიცით, ვის მივმართოთ, უკვე მერვე დღეა ამ მდგომარეობაში ვართ. რამდენჯერმე წვიმის შედეგად მთლიანად დასველდა კედლები. ტაძარში დაცულია ერთ-ერთი უძველესი ფრესკაც.
მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტის გამგებელს, ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, ხარჯთაღრიცხვა, დადგინდა ზარალი, რომელმაც დაახლოებით 3 000 ლარი შეადგინა. თუმცა, პასუხად მივიღეთ, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მხოლოდ 60%,-ს 900 ლარს აგვინაზღაურებს. 900 ლარით კი აღნიშნული სამუშაოების შესრულება შეუძლებელია. ვთხოვ ხელისუფლებას, დაეხმაროს ტაძარს, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ აღნიშნული თანხები შევაგროვოთ“, – აცხადებს მამა რაფაელი.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისთვის თანხა გამოყოს, ხოლო რაც შეეხება მუშახელს და სხვა სამუშაოებს, რუისელები თავად უსასყიდლოდ იმუშავებენ და ტაძრის სახურავს აღადგენენ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა რაფაელი ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკოლოზ ანთიძესაც დაუკავშირდა. ანთიძისგან პასუხად მიიღო, რომ უახლოეს დღეებში ვითარების ადგილზე შესწავლა მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები