ხვალ შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის კონგრესი გაიმართება
12 მაისს, 18:30 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბ202 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის #32) შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის კონგრესი 2016 და შავი ზღვის რეგიონის რექტორთა მე-12 კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციის თემაა: „უნივერსიტეტის ცვალებადი როლი გლობალურ და რეგიონალურ კონტექსტში“.
ასევე, შედგება შავის ზღვის უნივერსიტეტების ქსელის ახალი პრეზიდენტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას, ინაუგურაცია. გიგა ზედანია ქსელს მომდევნო 2 წლის განმავლობაში, 2018 წლამდე უხელმძღვანელებს.
კონგრესზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება „ფოლკსვაგენის“ ფონდის გენერალურ მდივანს, დოქტორ ვილჰელმ კრულს, რომელიც მოხსენებას გააკეთებს თემაზე: „უნივერსიტეტის კრეატიული კულტურა“.
შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი შავი ზღვის რეგიონის აკადემიურ დაწესებულებათა კოოპერაციული სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობის განვითარებას და განათლების, მეცნიერული კვლევების, ინოვაციებისა და კულტურული თანამშრომლობის ჰარმონიულ თანაარსებობას.
დღესდღეობით, ქსელში გაერთიანებულია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 12 წევრი ქვეყნის 120 უნივერსიტეტი. გაერთიანების წევრი ქვეყნებია: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, სერბეთი, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი და უკრაინა.
კონერენციის ძირითადი განსახილველი საკითხები:
- უნივერსიტეტის სამი მთავარი მისია: სწავლება, კვლევა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება;
- უნივერსიტეტის როლი რეგიონალურ განვითარებაში, მაგალითები შავი ზღვის რეგიონიდან;
- ინტერნაციონალიზაცია – უმაღლესი განათლების სისტემის გამოწვევები და შესაძლებლობები რეგიონალურ, ევროპულ და გლობალურ კონტექსტში.
მონაწილეები:
კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ და მოხსენებებით წარდგებიან:
- ბელგრადის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვლადიმირ ბუმბაზიროვიჩი;
- შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის გენერალური მდივანი, პროფესორი იდენ მამუტი;
- შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, მიშელ ქრისტიდესი;
- ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტების საზოგადოების საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი გულსუნ საგლამერი;
- გაეროს აკადემიური გავლენის სამდივნოს (UNAI) ხელმძღვანელი, რამუ დამოდარანი;
- შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, ასაფ ჰაჯიევი;
- ხმელთაშუა ზღვის ქსელის საინჟინრო სკოლის პრეზიდენტი, აბდელმაჯიდბენამარი;
- ევროპის დედაქალაქთა უნივერსიტეტების ქსელის (UNICA) პრეზიდენტი, ჟან პიერ ბურგუნიონი;
- ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის გენერალური მდივანი, დოქტორი ლესლი უილსონი;
- ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი როლფ ტარაქი და სხვა.