საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია დიდუბის ავტოსადგურს ეწვევა

დღეს 12:00 საათზე „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ – E60 ჩქაროსნულ გზატკეცილსა და მის მიმდებარედ საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია დიდუბის ავტოსადგურს ეწვევა. პროექტის ფარგლებში ეს რიგით მეოთხე შეხვედრა იქნება იმ სატრანსპორტო კომპანიების მენეჯერებთან და მძღოლებთან, რომლებიც მუდმივად გადაადგილდებიან ავტობანზე.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშათა პროფკავშირების პრეზიდენტი და სხვა წევრები.
ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენელი მსმენელებს ჩაუტარებს პრეზენტაციას და გააცნობს იმ ძირითად რისკფაქტორებსა და პრობლემებს, რაც E60-ზე მოძრაობისას იკვეთება. შეხვედრის დასასრულს დამსწრე აუდიტორიას დაურიგდება საინფორმაციო მასალები და გაიმართება დისკუსია.
კამპანია „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია, საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება, რათა უახლოეს მომავალში შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი და როგორც მძღოლებმა, ასევე ქვეითად მოსიარულეებმა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა და როლი ამ საქმეში. კამპანია 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტ მსგავს საინფორმაციო ღონისძიებას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები