ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე, ქართული უნიკალური ენდემური ვაზის ჯიშები გაშენდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო ცენტრი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე, ქართულ უნიკალურ ენდემურ ვაზის ჯიშებს გააშენებს.

როგორც „კვირას” საპატრიარქიოდან აცნობეს, ღონისძიებას კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სხვა ოფიციალური პირები და საპატიო სტუმრები დაესწრებიან.

ისინი მუზეუმის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ამსახველ საკარმიდამო ზონებში აღნიშნული რეგიონისთვის დამახასიათებელი ვაზის წამყვან ჯიშებს გააშენებენ.

პროექტი უცხოელი სტუმრებისთვის ქართული რვაათასწლიანი უნიკალური კულტურული მემკვირდეობის – მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ხვალვე, სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნულ-სამეცნიერო ცენტრსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, კიდევ ერთ ეროვნულ ინიციატივას ჩაუყრის საფუძველს.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ჯიღაურას ბაზაზე არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გამოყვანილო 100-ზე მეტი დასახელების უნიკალური ვაზის ჯიშებით, საკოლექციო ვენახს გააშენებენ.

აღნიშნულ ღონისძიებას გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო ცენტრისა და გორის სახელმწიფო უნივერისტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

13 მაისს კი, აწყურის ღვთისმშობლის ხატით ახალციხეში მსვლელობას, მესხური ვაზის ჯიშების კურთხევა და ვარძიის, წუნდის, ახალციხისა და ამავე ეპარქიის სხვა მონასტრებში მათი გაშენება დაემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები