ომბუდსმენი სასკოლო სახელმძღვანელოდან ტერმინების: „ნარკომანისა“ და „შიდსის“ ამოღების წინადადებით გამოვიდა

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი წინადადებით მიმართა, ბიოლოგიის VIII კლასის გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოდან ამოღებულ იქნას წამალდამოკიდებული, აივ ინფექციისა და შიდსის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი ფრაზები და მსჯელობები. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ზოგად წინადადებაში აღნიშნულია, რომ ბიოლოგიის სახელმძღვანელოში, წამალდამოკიდებულ ადამიანებთან მიმართებით გამოყენებულია მცდარი ტერმინი „ნარკომანი“, ამასთან, წამალდამოკიდებული ადამიანი აღქმულია, როგორც საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება. სახელმძღვანელოში ასევე ერთმანეთთან არის გაიგივებული აივ ინფექცია და შიდსი და მცდარი ინფორმაციაა მოწოდებული მათი გავრცელებისა და აღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლის შესახებ.
სახელმძღვანელოში ასევე ასახულია შიდსით დაავადებული წამალდამოკიდებული პირის „შემზარავი“ ფოტო. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სახელმძღვანელოში გამოყენებული ფრაზები, მსჯელობა და მცდარი ინფორმაცია ხელს უწყობს წამალდამოკიდებული, აივ ინფექციის და შიდსის მქონე ადამიანების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების და სტიგმის გაძლიერებას და ახალისებს სხვადასხვა სფეროში მათი უფლებების შეზღუდვას დისკრიმინაციული მოტივით.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში გვხვდებოდეს ისეთი გამონათქვამები, რომელიც არასწორ ინფორმაციას აწვდის ბავშვს და კონკრეტულ საკითხზე უქმნის მას ისეთ წარმოდგენას, რამაც შეიძლება წაახალისოს კონკრეტული ჯგუფების მარგინალიზაცია და ხელი შეუწყოს სტერეოტიპული აზროვნების განვითარებას სკოლის ასაკიდანვე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები