დღეს ნონა გაფრინდაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს დღეს, ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.
ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ის იყო ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე 128 პარტია ჩაატარა.
გაფრინდაშვილს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონი ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი, ასევე, 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული. ვარსკვლავის გახსნის ცერემონია 17:00 საათზეა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები