უწმინდესი: ნაბიჯის გადადგმა არ გადავდოთ ხვალისათვის, რადგან ეს ხვალე შეიძლება აღარ დადგეს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში ლოცვის მნიშვნელობაზე საუბრობს და მრევლს ლოცვის სწავლებისკენ მოუწოდებს.როგორც ეპისტოლეში წერია, ლოცვა ღმერთთან საუბარია.
„ლოცვა საუბარია ღმერთთან, გულისნადების მის წინაშე განფენაა, საკუთარი თავის მის შვილად შეცნობა და ღვთის მადლისა და შეწევნის მოპოვებაა; თუმცა სულიერი შრომა მარტო ლოცვას არ გულისხმობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს, რა თქმა უნდა, აგრეთვე, არის სწორი სულიერი აზროვნება და სულიერი ცხოვრება.
ეს რომ შევძლოთ უფლის მხსნელ მარჯვენას ხელი უნდა ჩავჭიდოთ და მასთან ვიყოთ განუშორებლად.მაშ, არ შევუშინდეთ დაბრკოლებებს, არ შევწყვიტოთ ბრძოლა განწმენდისათვის და ვიცოდეთ, რომ როგორი დაცემულიც არ უნდა ვიყოთ, უფალს ვუყვარვართ და გველოდება,ელოდება ჩვენს სინანულს“, – ბრძანებს პატრიარქი.
მისივე თქმით, დაგეგმილი ნაბიჯი ხვალისთვის არ უნდა გადავდგათ, რადგან, როგორც უწმინდესი ბრძანებს, ხვალიდნელი დღე შეიძლება აღარ დადგეს.
„ოღონდ ნაბიჯის გადადგმა არ გადავდოთ ხვალისათვის, რადგან ეს ხვალე შეიძლება აღარ დადგეს.
თითოეულ ჩვენგანს სასწაულთმოქმედების უდიდესი უნარი გვაქვს; თუ ღმერთს მივეახლებით და ცოდვებისაგან განვთავისუფლდებით, ჩვენს სულში დიდი ცვლილების მომსწრენი გავხდებით. ამისი მაგალითნი არიან წმინდანები.
ისინიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, როგორიც ჩვენ ყველანი, ბევრ მათგანს ადრე ჩვენზე არანაკლები სისუსტეებიც შეიძლება ჰქონდა, მაგრამ სინანულით, აღსარებით, ზიარებით და სულიერი ღვაწლით ზეციურ სასუფეველს მიაღწიეს“, – აღნიშნავს უწმინდესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები