ილია მეორე: უმეთვალყურეოდ დარჩენილი პატარები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ

მზრუნველობამოკლებული მოზარდებისთვის საქართველოს საპატრიარქო პროფესიული სასწავლებლის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში წერია, სადაც საუბარია იმ ახალგაზრდების პრობლემაზე, რომლებსაც ასაკის გამო ბავშვთა სახლებში აღარ აჩერებენ.
როგორც ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში ბრძანებს, უმეთვალყურეოდ დარჩენილი პატარები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ.
„აქვე შევეხები ქუჩის ბავშვების პრობლემას. ისინიც ჩვენი ხვალინდელი დღის შემომქმედნი იქნებიან და, ბუნებრივია, მეტად მნიშვნელოვანია, თუ როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან. უკვე 21 წელია, ამ მიმართულებით იღვწის ჩვენი ეკლესია; სათანადო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, ხელისუფლება ამ თემაზე კარგახანია სერიოზულად მუშაობს. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც, შესაძლებლობისამებრ, გვერდში დავუდგეთ მათ. უმეთვალყურეოდ დარჩენილი პატარები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ და ამას მალე უნდა მივაღწიოთ. ეკლესიას დიდი სურვილი აქვს, მზრუნველობა გაუწიოს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ასაკის გამო ბავშვთა სახლებში აღარ აჩერებენ, წასასვლელიც არსად აქვთ და არც ცხოვრებისთვის არიან მომზადებულნი.ჩვენ გამოვყავით როგორც ტერიტორია, ასევე შენობა და არასამთავრობო სექტორთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიასთან თანამშრომლობით ვფიქრობთ, აქ გავხსნათ სახელობო-პროფესიული სასწავლებელი, სადაც 18 წლის გოგონებისა და ვაჟების გარკვეული რაოდენობა 23 წლამდე იცხოვრებს კიდეც და დამოუკიდებელი არსებობისთვისაც მოემზადება.
ეს, რა თქმა უნდა, მეტად მცირეა იმ საქმესთან შედარებით, რაც გასაკეთებელია, როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან“,-ბრძანებს ილია მეორე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები