მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.
მორწმუნეებისთვის დღეს 50-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც წელს 14 მარტს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიურ ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა.
მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა მოეწყო, რომლის დროსაც სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობელს გალობდნენ. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. ტაძარში წაიკითხეს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, რომლის შემდეგ ღამისთევის მსახურება და ტაძრის გარშემო ლიტანიობა აღევლინა.
ეკლესიებში განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელიც მომლოცველთა ჯგუფმა თბილისში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები