სტიქია კახეთში – ლაგოდეხის რაიონის 2 სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება

კახეთში ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის ორი სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება, – ამის შესახებ „კვირას“ კახეთის ელექტროდისტრიბუციის ლაგოდეხის ფილიალის მენეჯერმა თემურ ბუზალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ლაგოდეხის რაიონის ორ სოფელში ფონასა და ხეჩილაში ელექტროენერგია გუშინ გვიან ღამით გაითიშა და ამ დრომდე არ არის.
თემურ ბუზალაძის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ფონას კალაპოტი ადიდდა და წყალმა ელექტროგადამცემი ორი ბოძი სადენებთან ერთად წაიღო.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, თუმცა მდინარის წყალი ამის საშუალებას არ იძლევა.

„დღეს წვიმა არ არის, მზიანი ამინდია, მაგრამ მდინარე ფონას წყალი ისეთი სიჩქარით მოდის, რომ ელექტროენერგიის სადენების გადაჭიმვა ვერ ხერხდება. წუხელვე ადიდებულმა მდინარემ ორი ბოძი წააქცია და წაიღო. როგორც კი წყლის დონე დაიკლებს და მდინარე თავის პირვანდელ კალაპოტს დაუბრუნდება სადენებს გავჭიმავთ. ვცდილობთ, დღის ბოლომდე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეს“ – აღნიშნა თემურ ბუზალაძემ.

ძლიერ წვიმა იყო სოფელ გავაზშიც, სადაც 50-მდე სახლის პირველი სართულები დატბორა. ადგილობრივები მთელი ღამის განმავლობაში ოთახებიდან წყლის ამოტუმბვას ცდილობდნენ. დახოცილია შინაური ფრინველი.

სოფელ გავაზში სტიქია ღამის 12:00 საათიდან დაიწყო, ძლიერი ნალექის გამო სახლებთან გამავალმასანიაღვრე არხებმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა. ადგილობრივები ყვებიან, რომ არხებიდან გადმოსულმა წყალმა ჯერ სამანქანო გზა დატბორა, შემდეგ კი ეზოებში შევიდა. გავაზში ამბობენ, რომ წყალდიდობის მიზეზი გაუწმენდავი არხები გახდა.
ჯერჯერობით უცნობია მიიღებენ თუ არა ადგილობრივი ხელისუფლებისგან კომპენსაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები