სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნულ სიტუაციურ ოთახში სიმულაციური ვარჯიში ჩატარდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნულ სიტუაციურ ოთახში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა მონაწილეობით, კრიზისული სიტუაციების მართვის სიმულაციური სავარჯიშო გაიმართა. ტრენინგი მიზნად ისახავდა კრიზისული სიტუაციების დროს უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას, ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის და აპარატურის გამართული ფუნქციონირების კიდევ ერთხელ შემოწმებას.
როგორც კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, კრიზისული სიტუაციების მართვის სისტემის მექანიზმების დახვეწის მიზნით მუშაობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ტრენინგში ჩართულია ყველა ის უწყება, რომელთა კოორდინირებულ მუშაობაზეც არის დამოკიდებული კრიზისული სიტუაციის მართვის ეფექტურობა და შესაძლო უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე დაყვანა. ჩვენი მიზანია, ჩვენს კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ შევამოწმოთ და უზრუნველვყოთ ცენტრისთვის სპეციალურად შექმნილი მართვის პროგრამის გამართული მუშაობა“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
მისივე თქმით, პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო.
კრიზისული სიტუაციების მართვის სისტემების ფუნქციონირება დადებითად შეაფასა ბრიტანული საბჭოს მოწვეულმა ექსპერტმა, კრიზისების, რისკებისა და უსაფრთხოების კონსულტანტმა სტიუარტ ჰარისონმა.
„ჩვენი შეკრების მიზანი იყო გამოგვეცადა ეროვნული სიტუაციური ოთახის მუშაობა. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ მართვის სისტემების ფუნქციონირებით, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის უმაღლესი კლასის ობიექტი, რომელიც დაეხმარება საქართველოს, გაუმკლავდეს ნებისმიერი სახის კრიზისს მომავალში“, – აღნიშნა სტიუარტ ჰარისონმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსის, ვასილ კაპანაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს როლი კრიზისულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია.
„საბჭო ხელს უწყობს კოორდინირებულ თანამშრომლობას უწყებებს შორის, რათა კრიზისის დროს შესაძლებელი იყოს შეთანხმებული მუშაობა. სიტუაციურ ოთახში ხდება სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა შეკრება, რის შემდეგაც, არსებული კრიზისიდან გამომდინარე, იგეგმება განსახორციელებელი ღონისძიებები“, – განაცხადა ვასილ კაპანაძემ.
კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის სიტუაციურ ოთახში გამართულ სიმულაციურ ვარჯიშში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის “დელტა“, “კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის“ წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები