გარემოს დაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტის შედეგები შეაჯამა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. გიგლა აგულაშვილმა აშშ-ში ვიზიტის შედეგები შეაჯამა, სადაც გაეროს შტაბ-ბინაში პარიზის შეთანხმების ხელმოწერის მაღალი დონის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. ხელშეკრულებას 170-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, რომლის მიზანია საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზაცია გლობალური დათბობის შესაჩერებლად.
პარიზის შეთანხმების მიღებით, მსოფლიო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა გაერთიანდეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და ურთიერთთანადგომით შეაჩეროს გლობალური დათბობა. პარიზის შეთანხმების თანახმად, მოსალოდნელია, რომ განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს გაეწიოს უწყვეტი და გაძლიერებული საერთაშორისო დახმარება როგორც სათბურის გაზების შემცირების, ასევე კლიმატის ცვლილებასთან ეკოსისტემებისა და ეკონომიკის დარგების საადაპტაციო ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. აგრეთვე, იგეგმება ახალი საერთაშორისო მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც კერძო სექტორის დაბალნახშირბადიან ტექნოლოგიაზე გადასვლას წაახალისებს. აღსანიშნავია, ტექნოლოგიათა გადაცემის შესაძლებლობა, რომელიც პარიზის შეთანხმებით კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს და ხელმისაწვდომი გახდეს განვითარებადი ქვეყნებისთვის.
საქართველოს სათბურის გაზების გაფრქვევების წილი 2014 წელს 1990 წელთან შედარებით 66%-ით ნაკლები იყო (2014 წელს შეადგენდა 16 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს (CO2). ეკონომიკურ განვითარებას, შესაძლებელია მთელ რიგ დარგებში თან ახლდეს სათბურის გაზების გაფრქვევების ზრდა. იმისათვის, რომ ქვეყნის მდგრადი განვითარება იყოს უზრუნველყოფილი, შესაბამისი ღონისძიებები დღეს უნდა გატარდეს. მალე დასრულდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის მომზადება. მზადების პროცესშია ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა. საქართველოს 13 მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას “მერების შეთანხმება” და ნებაყოფლობით აიღო სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირების ვალდებულება. აღნიშნული გეგმებისა და პროგრამების განხორციელება საქართველოს მნიშვნელოვნად დაეხმარება კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილების მიზნის მიღწევაში.
საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბა თავისი ხედვა და გასულ წელს პარიზის მხარეთა კონფერენციამდე შეიმუშავა „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილის დოკუმენტი“ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში თავისი წვლილის შეტანის თაობაზე. ამ ნაბიჯით, საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა ჩაერთოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ერთობლივ ძალისხმევაში, ქვეყნის ეკონომიკა გარდაქმნას დაბალნახშირბადიან ეკონომიკად და შეძლოს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები